ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში ვცხოვრობთ და ამიტომ ყველა უნდა დაემორჩილოს იმას, რასაც სახელმწიფო ამბობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს ინფექციასთან ბრძოლის ყველაზე ძლიერი იარაღი სოციალური დისტანცირებაა, ამიტომ, საჭიროა, ყველამ დაიცვას ეს რეკომენდაცია.
„საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ქვეყანაში, მეტი რა ჩანაწერი უნდა იყოს, ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ვცხოვრობთ საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, ამიტომ, ყველა უნდა დაემორჩილოს იმას, რასაც სახელმწიფო ამბობს. სოციალური დისტანცირება არის ყველაზე ძლიერი იარაღი დღეს ინფექციასთან ბრძოლის, ამიტომ, დავიცვათ ეს რეკომენდაცია ყველამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, რომელიც სახლში რჩება და გაცემულ რეკომენდაციებს ასრულებს.
„ხედავთ, რომ თბილისის ქუჩები დაცარიელებულია. ანუ, საზოგადოების უმრავლესობა ითავისებს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ვართ და იმ საშიშროებას, რაც შესაძლებელია ქვეყანაში დადგეს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ამისთვის. არ მინდა განმეორდეს ის, რაც დასავლეთ ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში მოხდა. თუ ჩვენ დავიცავთ ყველაფერ იმას, რაც დღეს საგანგებო მდგომარეობის პირობებში უნდა განხორციელდეს, დიდი ალბათობით, ავუვლით გვერდს ფართომასშტაბიან ეპიდემიას. ამიტომ, პირველ რიგში, აქ არის მთავარი საზოგადოებრივი თვითშეგნების გაზრდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.