ახალი კორონავირუსის ფონზეც კი პრობლემას წარმოადგენს სურსათის მაღაზიებში დაუფასოებელი საკვების ჰიგიენის ნორმების დაცვა. აღნიშნული პრობლემის შესახებ „გურია ნიუსს” ,,უნივერსამის” მაღაზიათა ქსელის თემქის ფილიალიდან უკმაყოფილო მომხმარებლები დაუკავშირდნენ.
,,გურია ნიუსის” კითხვაზე, თუ რატომ არ არის დაცული ჰიგიენის ნორმები, მაღაზიის კონსულტანტმა განაცხადა, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არ იყო.
,,ვიცი, რომ ასე გაყიდვა არ შეიძლება, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის”, _ გვითხრა მან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, ბიზნეს ოპერატორებისთვის გაცემული შესაბამისი რეკომენდაციების მიუხედავად, მაინც ჰიგიენური ნორმების დარღვევით ხდება დაუფასოებელი პროდუქციის რეალიზაცია.
მაღაზიაში საკვები პროდუქციის რეალიზაციისას ჰიგიენურ ნორმებს, საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების შესახებ მე-3 წესის მე-5 მუხლი განსაზღვრავს, რომლის მიხედვით, დაუფასოებელი სურსათის რეალიზაცია უნდა მოხდეს ისეთ პირობებში, სადაც დაცული იქნება დაბინძურებისგან. ასევე, გათვალისწინებული იქნება კონკრეტული პროდუქტისთვის საჭირო შენახვის პირობები. აღნიშნული სურსათის რეალიზაციითვის გამოყოფილი უნდა იყოს თითოეული პროდუქტის ასაღები ჩამჩა, ნიჩაბი ან სხვა რამ, პურის შემთხვევაში, სპეციალური მაშა ან ჩანგალი.
ტექნიკური რეგლამენტი – სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი, პირველი წესის მიხედვით, სურსათის რეალიზაცია უნდა მოხდეს სპეციალურად გამოყოფილ, შესაბამად აღჭურვილ, დახურულ, სუფთა, ვენტილირებად სათავსოში, რომელიც დაცული იქნება მღრნელებისა და მწერების შეღწევისგან; მე-2 წესის მიხედვით კი, სურსათის რეალიზაციისას თითოეული სახის პროდუქტისათვის, უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მწარმოებლის მიერ დადგენილი ტემპერატურული რეჟიმის, ტენიანობისა და განათების პარამეტრები. იმავე წესის 24-ე მუხლის მიხედვით, დაუფასოებელი პურის ან პურ-ფუნთუშეულის შერჩევისთვის თვითმომსახურების განყოფილებაში უნდა იყოს ჩანგლები ან მაშები.
,,გურია ნიუსი” აღნიშნულთან დაკავშირებით ,,უნივერსამის” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მითითებული ტელეფონის ნომერზე შეეცადა დაკავშირებას და გაგებას, თუ რატომ ხდება, ჰიგიენის ნორმების დარღვევით პროდუქტის რეალიზაცია, თუმცა, დაკავშირება მაღაზიის წარმომადგენელთან ვერ მოხერხდა.
მასალის გამოქვეყნების შემდეგ სუპერმარკეტების ქსელის ,,უნივერსამის” წამომადგენლების მხრიდან დაკავშირების შემთხვევაში, მათ კომენტარს ,,გურია ნიუსი” უცვლელად გამოაქვეყნებს.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი”, ასევე დაუკავშირდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სადაც აცხადებენ, რომ სააგენტო ყოველდღიურად ახორციელებს კონტროლს.
მათივე თქმით, დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელმა ცხელ ხაზე 15 01-ზე უნდა დარეკონ, რაზეც რეაგირება მყისიერად მოხდება.
,,დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე _ 15 01. რაც შეეხება კონტროლს, კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს. თუ მომხმარებელი დარეკავს დარღვევასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მოყვება შესაბამისი რეაგირება.
ხორციელდება ბიზნეს ოპერატორებთან შეხვედრა და ინფორმაციის მიწოდება. მათ მითითებული აქვთ რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა დაიცვან ჰიგიენის აუცილებელი ნორმები.
ბიზნეს სექტორისთვის შესაბამისი რეკომენდაციები, სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, ასევე, ინფორმაციის გავრცელება ხდება მედიის საშუალებით“, _ აცხადებენ სურსათის სააგენტოში.