„სამტრედია ინარჩუნებს სიმშვიდეს,”_ ამის შესახებ ,,გურია ნიუსთან” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობს.
მარინა თევზაძის თქმით, კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გუშინდლამდე თვითიზოლაციაში 58 პირი იმყოფებოდა. დღეს 56-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ ორ პირს დაუმთავრდა 14-დღიანი საინკუბაციო პერიოდი. რაც შეეხება კარანტინს, საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში 8 სამტრედიელი იმყოფება. თვითიზოლაციაში რჩებიან ავტობანზე დასაქმებული მარნეულელები.
მათზე ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი და თერმოსკრინინგი.
მარინა თევზაძის განმარტებით, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თავს გრძნობენ კარგად:
,,მარნეულიდან ჩამოსულ ავტობანზე დასაქმებულ მოქალაქეებს თავიანთი ექიმი ჰყავთ, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგები სისტემატურად, ყოველდღიურად აწარმოებენ მონიტორინგს. სწორედ ახლა დავბრუნდით ეგრეთ წოდებული ნაჩხატაურის ბაზის იმ ტერიტორიიდან, სადაც მარნეულელი მოქალაქეები იმყოფებიან თვითიზოლაციაში. მინდა, გითხრათ, რომ ისინი არიან ჯანმრთელები და თავს ძალიან კარგად გრძნობენ.”