რუანდაში, კაცი, რომელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის წესები დაარღვია და სათევზაოდ წავიდა, ნიანგმა შეჭამა. ამის შესახებ ქვეყნის სამხრეთით, კამონის რეგიონის მერმა BBC-თან საუბარში განაცხადა.
მერის ალისა კაიტის თქმით, ინციდენტი ოთხშაბათ დილით მდინარე ნიაბარონგოში მოხდა. მისი თქმით, ის ერთ-ერთი იყო იმ მოქალაქეებისგან, ვინც Covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილებოდა.
22 მარტს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუანდაში კარანტინი გამოცხადდა, რადგან კოვიდ-19-ის შემთხვევები კვლავ მატულობდა.
რუანდაში კორონავირუსის 40 შემთხვევაა დაფიქსირებული. აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში კი, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.