ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მარტის თვეში პრემიები გასცა, _ ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
პრემიები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დასაქმებულებმა მიიღეს. მათ შორის არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე.
„გურია ნიუსმა“ სცადა, გაერკვია, რა დამსახურების გამო გასცა პრემიები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მაშინ, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც სახლში უმუშევარი არაერთი ადამიანი რჩება.
რა დამსახურებისთვის აიღეთ პრემია_ ამ კითხვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს მივმართეთ.
როგორც სირაძე აღნიშნავს, პრემიების გაცემა მიზნად ისახავდა იმ თანამშრომლების წახალისებას, რომლებიც კორონავირუსის პრევენციულ საქმიანობაში 24 საათის განმავლობაში არიან ჩართულები და ერთ-ერთი მათგანი თვითონ ამიტომაც გახდა.
„ამ ახალი ინფექციის პრევენციის გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, ფაქტობრივად, გადაყვანილი იქნა 24-საათიან რეჟიმზე შაბათ-კვირიანად და დაახლოებით, ამ 25 დღის განმავლობაში ჩაატარეს 3000 კვადრატამდე ტერიტორიის დეზინფექცია. ასევე მონიტორინგზე ჰყავდა ამ სამსახურს აყვანილი ჩემთან ერთად, დაახლოებით, 125 მოქალაქე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ამოწმებდა, რომლებთანაც ვიზიტები ხორციელდებოდა კვირაში 2-3-ჯერ. კიდევ ბევრი სამუშაო ტარდება და ჩატარდება ეს ღონისძიებები, ვიდრე საჭირო იქნება. სწორედ ამიტომ, ხელმღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, წაეხალისებინა ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები“, _ გვითხრა სირაძემ.