მინდა, ყველა მორწმუნეს ვთხოვო და მოვუწოდო, დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის და სხვების სიცოცხლისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ არსებული რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
„დარწმუნებული ვარ და ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის, რომ მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე. რამეთუ მისი სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა და სახლში დარჩენა, ეს მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი. ყველა მორწმუნეს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის და სხვების სიცოცხლისთვის. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ ყველას გვჭირდება ერთად დგომა. ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ვებრძვით იმას, რასაც ვერ ვხედავთ. ეს არის კორონავირუსი, რომელიც არის სერიოზული პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის. ნახეთ რა ხდება სხვა ქვეყნებში, რამხელაა სიკვდილიანობა. ჩვენ ცოტა ადრე დავიწყეთ პრევენციული ღონისძიებების გატარება და ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად ბოლომდე შევინარჩუნოთ ეს, ბოლომდე მივიდეთ ისე, რომ შემდეგ ღირსეულად გამოვიდეთ. ამას, რა თქმა უნდა, სეროზული პრობლემები მოჰყვება ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, თუმცა ამაზეც იყო საუბარი, რომ იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და მაქსიმალური თანადგომა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის მოთხოვნები და რჩევები, რომელზეც ჩვენ გვიწევს საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში. ბევრი ამას სერიოზულად ვერ აღიქვამს, არაფერი არ მოხდება, არაფერი არ დაგვემართებაო, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ვერ ვხედავთ მტერს, რომელიც არის მომაკვდინებელი. ყველას მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, შევიკავოთ თავი ქუჩაში გადაადგილებისგან, ერთმანეთთან კომუნიკაციისგან, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. თუ ჩვენ შევასრულებთ ამ მოთხოვნებს, ძალიან სწრაფად და ღირსეულად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა კალაძემ.