დღეის მდგომარეობით, ოზურგეთის ქუჩებში სრულ იდილიას მხოლოდ აქა-იქ მოძრავი მოპედები და ველოსიპედები თუ არღვევენ. ძველებურად, ქუჩებში, მაღაზიების თუ სხვადასხვა შენობების წინ, კვლავ ბლომად არიან მიუსაფარი ძაღლები. ზოგი მათგანი ქუჩაში გადასასვლელზე ზებრაზეც მორჩილად დგას. ძირითადად, მხოლოდ საპატრულო და პოლიციის მანქანები მოძრაობენ.
_თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილები არ მოძრაობენ? ღამის თევით ვმუშაობთ პურის საცხობში. ლიხაურიდან ფეხით დავდივართ მე და ჩემი მეზობელი. ბევრი ვიღაცა მხვდება, რომ „დაგულაობენ“ მსუბუქი ავტომანქანებით. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, კარგია, რომ მთავრობა იჩენს სიფრთხილეს. დროზე უნდა მოგვშორდეს ეს კორონა და ჭირი, მარა კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს. ბევრი დაქრის ქუჩებში ისეთიც, ვისაც არანაირი ნებართვა არ აქვს და ნაცნობობით გადიან ფონს, _ გვთხრა ლიხაურის მკვიდრმა ბესარიონ ურუშაძემ.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა კონკრეტული პირის დასახელება, თუ ვინ არ ემორჩილება საგანგებო წესებს, უარი განაცხადა.
_დადექით 24 საათის განმავლობაში და ნახავთ, ასე თუ არ არის, გვარ-სახელი მე რა ვიცი _ სავარაუდო მოსაზრება გამოთქვა და ასე ვთქვათ, „ქუჩების ყარაულობა “ დაგვავალა მან, რაც ჩვენს ფუნქციაში არ შედის.
კვლავინდებურად დაკეტილია ოზურგეთის აგრარული ბაზარი, რომლის ჭიშკართან ბლომად ისევ ძაღლები ტრიალებენ. ეზოში კი თითო ოროლა მოვაჭრე თუ გადაადგილდება.
_საკუთარი „ტავარის“ გამოსატანად შესვლას მორიგეობით არ გვიშლიან. თუმცა, იცით, რომ აქ გაჩერება და ვაჭრობა ჯერჯერობით, აკრძალულია. ვერ გეტყვით, დაზუსტებით, როდის გაიხსნება ბაზარი. ზეპირი ინფორმაცია, რაც გავიგეთ, არის ის, რომ 26 აპრილისთვის უნდა გააღონ. გვითხრეს, რომ ეს გადაწყდება თათბირზე, რომელიც წინა დღით გაიმართება. მეტი არაფერი ვიცით, _ გვითხრეს აგრარულ ბაზარში დასაქმებულმა მოვაჭრეებმა, რომლებიც აქ ხშირად მოდიან ამბავის გასაგებად.
ჩვენს სატელეფონო ზარს კვლავ არ პასუხობს აგრარული ბაზრის დირექტორი, სოსო სიხარულიძე.
_რას ურეკავ, რისთვის იღლები? იმალება მაი კაცი და აქამდე ვერ მიხვდით? _ „აგვიხსნა“ აქვე მყოფმა რამდენიმე მოვაჭრემ, რომლებიც კვლავ წუწუნებენ ზარალზე და, როგორც თავად თქვეს, „ნერვები დაგლეჯაზე“, დღეებს თითებზე ითვლიან, რომ მუშაობა განახლდეს, რათა სახლში პური მაინც წაიღონ.