საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზეს, საკუთარი სამომავლო გეგმების შესახებ ტელეკომპანია „უკრაინა 24“-ის ეთერში ისაუბრა.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ თან არ მოიყოლებს საკუთარ ქართულ გუნდს, როგორც ეს პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს გააკეთა: „ვფიქრობ, რომ აქ საკმაოდ არიან თავად უკრაინელები, რომ მათ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი და როლი იპოვონ. იცით, რამდენი საინტერესო პარლამენტარი ზის უმაღლეს რადაში?“
სააკაშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ არ აპირებს შოუების მოწყობას, რადგან ამ ასაკიდან გამოვიდა. კითხვაზე, ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის შემდეგ, ხომ არ მოუვა დაპირისპირება ზელენსკისთან, როგორც ეს პოროშენკოსთან მოუვიდა, სააკაშვილმა ასე უპასუხა: „ნურავის ექნება იმედი, რომ მე მას თავს დავესხმები“, _ თქვა სააკაშვილმა და ზელენსკის გაბედული ადამიანი უწოდა.
მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა “NV”-სთან ინტერვიუში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაქოვთან ურთიერთობაზე ისაუბრა (სააკაშვილი და ავაქოვი 2015 წელს საკმაოდ მწვავედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ერთ-ერთ შეხვედრაზე ავაქოვმა სააკაშვილს წყლიანი ჭიქა ესროლა) და თქვა, რომ ვიცე-პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის საქმიანობები არ გადაიკვეთება, რადგან მიმართულებები სრულიად სხვადასხვაა: „თანაც ახლა ძალიან მძიმე სიტუაცია, რომელსაც კონფლიქტი მხოლოდ გააღრმავებს. მე ვაპირებ მუშაობას და არა კონფლიქტების გაჩაღებას“, _ თქვა სააკაშვილმა.