სამტრედიაში საკოლმეურნეო ბაზარი ისევ დახურულია. მართალია, დღეს ქალაქში იყო მოლოდინი, აგრარული ბაზარი გაიხსნებოდა, მოვაჭრეებს და მყიდველებს დილიდანვე იმედები გაუცრუვდათ. ბაზრის ადმინისტრაციამ კერძო მაღაზიების მეპატრონეებსა და დახლებზე მოვაჭრეებს უთხრა, რომ ისინი საქმიანობის გაგრძელებას მიმდინარე კვირის ოთხშაბათიდან შეძლებენ. მოლარე-კონტროლიორმა, დავით მაჭარაძემ ,,გურია ნიუსთან” საუბარში განმარტა, რომ სამტრედიის აგრარული ბაზარი მზადყოფნაშია.
,,17 დღის წინ დაიხურა ბაზარი. ამ დღეებში ჩვენმა ადმინისტრაციამ ყველა ღონე იხმარა, კაპიტალურად დაგვესუფთავებინა ბაზარი. ჩავატარეთ დეზინფექცია, ქიმიურად დამუშავდა დახლები, დაიხაზა დისტანციები. გვეუბნებიან, ოთხშაბათიდან შეგეძლებათ საქმიანობის გაგრძელებაო.”
მოქალაქეები საკოლმეურნეო ბაზრის ფუნქციონირების აღდგენას მოითხოვენ. ქალბატონი, რომელმაც თავისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, ბაზრის დახურვას უსამართლობა უწოდა:,,აბა, ის არის კარგი, ქუჩებში რომ არის ვაჭრობა, მაღაზიების წინ შეჯგუფული ადამიანები ერთმანეთს რომ ასხედან თავზე? ბაზარში უკეთესად არ გაკონტროლდება სიტუაცია? გახსენით საკოლმეურნეო ბაზარი და გლეხიც იხეირებს და ვაჭარიც.”