საქართველო კორონავირუსის მკურნალობისთვის საუკეთესო მედიკამენტის გამოსავლენად მსოფლიო მასშტაბის კვლევაში ჩაერთვება. როგორ შეარჩევენ პაციენტებს – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.
„პაციენტების შერჩევა მოხდება სპეციალური პროტოკოლის მიხედვით. ამ კვლევაში ჩაერთვებიან არა მხოლოდ მძიმე, არამედ საშუალო სიმძიმის პაციენტებიც. ანუ ყველა, ვისაც ასეთი სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება. ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, არჩევანი რა თქმა უნდა, იქნება ნებაყოფლობითი. მხოლოდ ის პაციენტები მიიღებენ მონაწილეობას, ვინც სურვილს გამოთქვამს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა კვლევის პროცესზე ისაუბრა და განმარტა, რა მექანიზმითა და მეთოდით წარიმართება პროცესი. ცერცვაძის თქმით, თითოეული პრეპარატზე მიღწეულ შედეგებს ერთმანეთს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეადარებს.
„ამ შედარებას რა თქმა უნდა ჩვენც გავაკეთებთ ჩვენთვის, მაგრამ ოფიციალური შედარება, ოფიციალური ანალიზი, გაკეთდება არა ჩვენს, ან რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მიერ, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში. შეგროვდება მონაცემები ყველა ქვეყნისგან. ისინი სპეციალური მეთოდების მიხედვით ამ მასალებს დაამუშავებენ და დასკვნებს დადებენ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა, რა პერიოდში ჩატარდება კვლევა და როდიდან ჩაერთვება საქართველო მასში.
„დარჩენილია ფორმალური პროცედურები, ეს არის ჩვეულებრივი ბიუროკრატია. ქვეყნის მთავარმა ეთიკურმა კომისიამ დასკვნა უკვე გასცა სამინისტროში, მაგრამ ძალიან სკურპულოზურად ტარდება ეს კვლევა და მოითხოვეს არა მარტო ქვეყნის, არამედ თითოეული მონაწილე კლინიკის ეთიკური კომისიის დასკვნა, რაც ახლა კეთდება. კიდევ რამდენიმე თანმხლები სავალდებულო დოკუმენტის შევსებაა აუცილებელი. სავარაუდოდ 1-2 კვირაში ეს კვლევა დაიწყება. რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს შეზღუდული არ არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.