„მინდა, კომიტეტის თავმჯდომარეებს გთხოვოთ, მომდევნო სხდომებზე, პარლამენტში განსახილველად მოამზადოთ ყველა ის კანონპროექტი, რომელმაც შეიძლება, თუნდაც, ერთი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყოს ხელი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ ქვეყანაში კოვიდ19-თან დაკავშირებული ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ თუ ინფიცირებულთა რაოდენობის კლებადი ტენდენცია შენარჩუნდება, ეს უკვე მყარი საფუძველი იქნება შეზღუდვების მოხსნის პროცესის დასაჩქარებლად.
„კარგია, რომ ექიმების, ჯანდაცვის პროფესიონალების, ჩვენი მხარდაჭერით, საზოგადოების მხარდაჭერით, ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით, საბედნიეროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე ნაკლებია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე და თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა და კლებითი რეჟიმი იქნება მომავალი დღეების განმავლობაში, ეს უკვე მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ ჩვენ შეზღუდვების მოხსნის პროცესი უფრო დავაჩქაროთ და უფრო სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები, რომელიც ამ მომენტისთვის არის შეჩერებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, პირველი ღონისძიებების ეფექტურად და დროულად გატარებით, საქართველომ შეძლო კოვიდ19-ის პანდემიის შეკავება. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტსა და მთავრობას შორის იყო ძალიან კარგი კოორდინაცია და არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გარეშე, არ ყოფილა მიღებული. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ისიც, რომ როდესაც პარლამენტი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, დეპუტატები განხორციელებულ ღონისძიებებს შეფასებენ და სამომავლო სტრატეგიაზეც იმსჯელებენ.
„ ერთი რამ ცალსახაა, რომ იმ წარმატებაზე, რასაც მიაღწიეს ექიმებმა, ჯანდაცვის პროფესიონალებმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, სახელმწიფომ და ყველამ ერთად, უკვე შევძელით, რომ დავაშენოთ და დავგეგმოთ ახალი ნაბიჯები და სწორედ მათი შედეგების გათვალისწინებით გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენ დღეს ვმსჯელობთ არა მხოლოდ კრიზისულ რეაგირებაზე, არამედ პოსტ კრიზისულ პერიოდზეც, მათ შორის, ისეთ სექტორზე, როგორიც არის ტურიზმის აღდგენა. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ლოკაცია მსოფლიოში ამ მომენტში, როდესაც პანდემია ჯერ ისევ გრძელდება. ჩვენ, ამას სათანადო შეფასებას მივცემთ პარლამენტშიც”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ კომიტეტების თავმჯდომარეებს მოუწოდა, მოამზადონ კანონპროექტები, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
„ვიცი, რომ კომიტეტები აქტიურად მუშაობენ ამაზე და გთხოვთ, რომ მომდევნო სხდომების სამუშაო პროცესი გავიაზროთ ზუსტად ამ კონტექსტში, სხვა საკითხებთან ერთად, რომ რა შეიძლება, პარლამენტმა დამატებით გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ ეკონომიკური ფუნქციების აღდგენას, სამუშაო ადგილების აღდგენას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ კუთხით ეფექტური დახმარების გაწევას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.