„მე თუ ინფიცირებული ვარ, ერთად ვზივართ და პირბადე ორივეს გვიკეთია, 95 პროცენტიანი გარანტია გვაქვს, რომ არ გადაგედებათ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
„მეტროში რომ ჩავალთ, სამარშრუტო ტაქსიში ჩავჯდებით თუ ტაქსიში, პირბადის გაკეთება აუცილებელია, რადგან პირბადე სერიოზულად გვიცავს. მე თუ ინფიცირებული ვარ, ერთად ვზივართ და პირბადე ორივეს გვიკეთია, 95 პროცენტიანი გარანტია გვაქვს, რომ არ გადაგედებათ, მაგრამ თუ მარტო მე მიკეთია, ინფიცირებულს ან მარტო თქვენ გიკეთიათ, მაშინ ეს გარანტია ნაკლებია“,_ განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დავიცვათ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადე ჩვენი ცხოვრების ატრიბუტი უნდა გახდეს.
„ეს შაბათ-კვირა არ მომეწონა. რომ გავიარე, რამდენიმე პარკში ვიყავი და თითქოს, ხალხმრავლობამ იფეთქა. გასაგებია, ზაფხული მოვიდა, ცხელა და ყველას უნდა გარეთ ყოფნა, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რეკომენდაციები უნდა დავიცვათ. თქვენთან რომ შემოვედი, პირბადით შემოვედი. ჩვენ ერთმანეთისგან ორნახევარ მეტრში ვზივართ და კი, ბატონო, პირბადე ახლა არ გვჭირდება, მაგრამ რომ გავალ, ისევ გავიკეთებ. იმიტომ, რომ კიდევ ვარ წასასვლელი შეხვედრაზე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როცა რამდენიმე ადამიანი ვართ ერთად, პირბადე ჩვენი ცხოვრების ატრიბუტი უნდა გახდეს“, _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წყარო:1tv.ge