არცთუ იშვიათად შეგხვედრიათ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომელიც, ერთი შეხედვით, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს საიმისოდ, რომ გვერდს ღირსეული მეორე ნახევარი უმშვენებდეს. მას კი, მიუხედავად იმისა, რომ აგერ, უკვე ოცდაათს მიუკაკუნა, ჯერაც ვერა და ვერ უპოვია შესაფერისი პარტნიორი.
რა არის ქორწინება ოცდაათი წლის შემდეგ, მარტო ყოფნის სასჯელი თუ ბედის საჩუქარი, რომელსაც კოსმოსი ჩვენთვის, მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ გამოიმეტებს. მოგეხსენებათ, ცხოვრებაში ყოველივე გარკვეულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ერთმანეთთან.
პლანეტების გავლენა კი ამა თუ იმ ადამიანის ბედისწერაში ზემოთ ხსენებული მიზეზ-შედეგობრივი “წესრიგის” მთავარ კრეატორად გვევლინება. უმთავრესთაგან უმთავრესი ამ მხრივ პლანეტა სატურნია, რომელიც მკაცრი მასწავლებლის ფუნქციებს ითავსებს ნებისმიერი ადამიანის ბედისწერაში და ყოველ 28-30 წელიწადში ერთხელ, წრეზე დაბრუნებული, ბეჯითად ამოწმებს ჩვენ მიერ დაწერილი “საკონტროლო ნამუშევრის” სისწორეს.
ანუ იმას, თუ რამდენად კარგად ავითვისეთ ცხოვრებისეული გაკვეთილები, რომლის მეშვეობითაც, პიროვნულ ზრდასთან ერთად, პასუხისმგებლობის დონის ზრდაც უნდა მოხდეს ჩვენში. თუკი ზოგადად, წყვილების ცხოვრებაში პირად ურთიერთობებში მიმდინარე კრიზისულ პერიოდებს გადავხედავთ, ძალზე ხშირად წავაწყდებით იმ ფაქტს, რომ ნაადრევ ასაკში შექმნილ ოჯახებში მეუღლეებს ზუსტად 28-30 წლის ასაკში ეწყებათ პარტნიორის მიმართ ე.წ. ახლებურად ხედვის პრობლემები და სწორედ ამ დროს იწყებენ იმის აღმოჩენას, რომ “ეს ის არ არის, რაც მათ აქამდე ეგონათ”.
თუმცა, იგივე შემთხვევაში, მარტოხელა ადამიანისთვის, რომელიც ზემოთ ხსენებულ ასაკამდე პირად ცხოვრებაში “ვერშემდგარ რომანებს” აგროვებს, სწორედ ოცდაათი წლის შემდეგ იხსნება “მეორე სუნთქვის” შესაძლებლობა.