ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა კორონავირუსის ჟამს მოიფიქრეს, რომ კლიპი გადაეღოთ. რადგან წელს მოსწავლეებს დისტანციურად უწევდათ სწავლა-განათლების მიღება, აქედან გამომდინარე სიმღერა სიყვარულზე და ერთმანეთის მონატრებაზეა. აღსანიშნავია, რომ კლიპში ასევე მონაწილეობს #4 საჯარო სკოლის პედაგოგი ვერიკო მიქატაძე, რომელიც წელს სკოლას ტოვებს.
„ძალიან გვინდოდა კლიპში გამოგვეხატა დიდი პატივისცემა და სიყვარული ვერიკო მასწავლებისადმი. პანდემიის დროს უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინა ჩვენს მიმართ“,_ გვითხრეს #4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
სიმღერას „მე და ჩვენ“ ჰქვია. ტექსტის ავტორია პედაგოგი და პოეტი მაიკო ღლონტი, მუსიკის ავტორები მარეხი მჟავანაძე, ლერი ჩხაიძე, კლიპის რეჟისორი ვახო ჩხარტიშვილი, ოპერატორი რეზო კვაჭაძე, ორგანიზატორი ლაშა ზოიძე.
„რადგან ბავშვების უნდა შეესრულებინა სიმღერა, აქედან გამომდინარე ტექსტში უნდა ყოფილიყო მზე, სიყვარული, იმედიანი სიტყვები. მარეხ მჟავანაძემ და ლევან ჩხაიძემ მომასმენინეს მათ მიერ დაწერილი მუსიკა და ამის შემდეგ დავწერე ლექსი. ამ სიმღერით გვინდა ერთმანეთს გულები უფრო გავუთბობთ და მეტი პოზიტივი გავავრცელოთ. იმედია ჩვენი სათქმელი მივა მსმენელამდე ისე, როგორც ჩვენ ჩავიფიქრეთ“,_ გვითხრა მაიკო ღლონტმა.