“ბოკერია და მისი გუნდი ივანიშვილს ვერასოდეს მოუგებს ამ ქვეყანაში, ამიტომ, ოპოზიციის ნაწილი ისევ მთავარი ოპოზიციის ტიტულისთვის იბრძვის, „ოცნება“ კი, ძალისხმევას არ აკლებს, რომ რომ „ევროპული საქართველო“ გახადოს მთავარი ოპოზიცია. სამაგიეროდ, ტენდერებში და ფინანსურ თემებში გადასარევად უგებენ ერთმანეთს და არანაირი პრობლემა არ აქვთ“, _ განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძის თქმით, 73 ღირსეული მაჟორიტარის მოძებნა „ქართული ოცნებისთვის“ ძნელია.
“რაც შეეხება კონკრეტულად მაჟორიტარებს, 73 ღირსეული მაჟორიტარის მოძებნა „ქართული ოცნებისთვის“ უფრო ძნელია, უფრო რთული მათი გამარჯვების უზრუნველყოფა, ვიდრე გამსხვილებულ სამაჟორიტარო ოლქებში 30 კანდიდატის დაყენება და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება.
ასე რომ, ამ სისტემითაც ისევ „ოცნება“ იგებს.
გარდა ამისა და რაც უმთავრესია, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ზუსტად იმ ადამიანების უპატივცემულობაა, ვინც 20 ივნისს სისხლი დაღვარა.
რადგან ეს უკვე აღარ არის ის შეთანხმება, რომელიც 20 ივნისის შედეგად უნდა დამდგარიყო და რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო.
ზოგადად კი, ვთვლი, რომ მას შემდეგ, რაც „ ოცნებამ“ გადააგდო ხალხი, არ შეასრულა ის პირობები, რომელიც ადამიანებმა, ჟურნალისტებმა საკუთარი სისხლით მოიპოვეს, ამის მერე არავის ჰქონდა კომპრომისზე წასვლის და „ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის უფლება, რითაც პირველ რიგში სწორედ „ქართულ ოცნებას“ მიეცა გადამგდების სახელის ჩამორეცხვის საშუალება”, _ აცხადებს ჭიჭინაძე.