85 წლის გურამ ჯინჭარაძე უკვე გავაცანით ჩვენს მკითხველს. იგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნათში ცხოვრობს. სოფელი რაიონულ ცენტრს 10 კილომეტრითაა დაშორებული. მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაადგილება შეზღუდული იყო, ბატონმა გურამმა “გურია ნიუსის” წასაკითხად ეს გზა ფეხით გამოიარა.
იგი დღეს ისევ ეწვია “გურია ნიუსის” ოფისს და მოუთმენლად ელოდება საყვარელ გაზეთს.
“გრაფიკი თუ შეგეცვალათ, არ ვიცოდი და ჩამევედი აგერ ბერიკაცი, რა ვქნა, ვერ ვჩერდები უგაზეთოდ”, _ გვითხრა ბატონმა გურამმა და გვთხოვა, თუ შეიძლება “ივლიტას ბიბლიოთეკაში” დაველოდები, თან წავიკითხავო.
“ძალიან მიყვარს კითხვა. ქართველი კლასიკოსები განსაკუთრებით. ცოტა ხნის წინ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები წავიკითხე, მერე _ ალექსანდრე ყაზბეგის, მგონი ყველაფერი. მარტო “მამის მკვლელი” ვერ ვნახე, ხომ ვერ დამეხმარებით?” _ გვითხრა ძალიან მორიდებულად და ჩვენც უარს როგორ ვეტყოდით თავაზიან და მადლიერ მკითხველს. მაშინ კი უნდა გენახათ მისი სიკეთით და სიხარულით გაბრწყინებული თვალები.
“გურია ნიუსი” ჯანმრთელობას, ლამაზ დღეთა სიმრავლეს და დღეგრძელობას უსურვებს ბატონ გურამს.