ლანჩხუთის შემოსასვლელში, ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ, სადაც ტროტუარის მოწყობა მიმდინარეობს, ადგილობრივი ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ნეკერჩხლის ხეებს დარგავენ.
საქმე ისაა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელებისას აქ არსებული ჭადრის ხეები მოიჭრა, რასაც ლანჩხუთელთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. მაშინ პასუხად მერიამ განმარტა, რომ უწყებაში არაერთხელ შევიდა განცხადება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, სადაც ისინი იქ არსებული ჭადრების ხეივანის მოჭრას ითხოვდნენ.
მერიისვე ინფორმაციით, ჟორდანიას ქუჩაზე ნეკერჩხალი დაირგვება.
„განაშენიანების გეგმა მოიცავს საფეხმავლო ბილიკების მოწყობას დეკორატიული ფილებით, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხი, დამონტაჟდება გარე განათების ახალი ბოძები, დაიწყება ქუჩის გამწვანება და ჭადრების ნაცვლად მთელ ქუჩაზე დაირგვება ნეკერჩხლის ჯიშის ნერგები“, _ განმარტავენ მერიაში.
როგორც ირკვევა, აქ გასახორციელებელი სამუშაოების ღირებულებაა 549 999 ლარი და ორ ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებულია 642 ათასი ლარის სამუშაოების შესრულება, ხოლო მთლიანად პროცესი 2021 წელს დასრულდება.