კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც ამბობს, რომ სახელმწიფო ვერ იცავს მოტაცებულ და გაუპატიურებულ გოგონებს და კატეგორიულად მნიშვნელივანია ასეთი შემთხვევის შემდეგ ბავშვების თავშესაფარში გადაყვანა.
„კატეგორიულად მნიშვნელივანია მოტაცებული და გაუპატიურებული ბავშვების თავშესაფარში გადაყვანა. აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში ბავშვზე ზეწოლას ახდენს სოციუმი, ან მოძალადის ან საკუთარი ოჯახის მეშვეობით. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ვერ უზრუნვეყოფს ბავშვების იზოლაციას, მათ ეკითხება აზრს, მათი ნება კი დათრგუნულია და ამბობენ იმას, რასაც სხვები ჩასძახებენ. როდესაც რომელიმე ოჯახი (საკუთარი ან გამტაცებელი) ხელში მოიგდებს ბავშვს, მიდის კიდევ უარესი ზეწოლა, ხშირად ჩვენების შეცვლასაც აიძულებენ.
ჩვენი სახელმწიფო ვერ იცავს მოტაცებულ და გაუპატიურებულ გოგონებს. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ასეთი ბავშვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა უნდა გახდეს სავალდებულო, სადაც არასრულწლოვანთან იმუშავებს ბავშვთა ფსიქოლოგი და სოც. მუშაკი გაარკვევს ყველა იმ არჩევანში, რომელიც მას აქვს. ამ პერიოდში საჭიროა ბავშვის ოჯახთან სერიოზული მუშაობა, რომ არასრულწლოვანი ნორმალურ გარემოში დაბრუნდეს.
ვინაიდან ეს პრაქტიკით ვერ ხორციელდება, ვფიქრობ, აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაცია ან შიდა გაიდლაინი.
პ.ს. ბავშვების უდიდესი უმრავლესობა უარს აცხადებს ადვოკატის ყოლაზე და იმ საქმეებშიც კი ვერ ვერთვებით “საფარი”, რომელიც ჩვენ შევატყობინეთ პოლიციას ან საერთოდაც ვაპოვნინეთ გატაცებული ბავშვი. აქაც ისე აწოდებენ არასრულწლოვანს ინფორმაციას, თითქოს მათ არ სჭირდებოდეთ ჩვენი დახმარება”,_ წერს პატარაია.