ჩოხატაურში, ხიდისთავში მოსახლეობა გადავსებულ სანაგვე ურნებსა და მიმოფანტული ნაგავის გამო წუხს.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ამ დილას ფოტო მოგვაწოდა, რომელზეც გადავსებული ნაგავშემკრები კონტეინერები, დაბლა დაყრილი ნაგავი და ნაგვის ნარჩენებს დაწაფებული საქონელია ასახული.
ცალკე თემაა, რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას პირუტყვს ნაგვის ნარჩენებმა, თუმცა, ამჟამად დავინტერესდით _ რამდენი ნაგვის მანქანა ემსახურება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, რა სიხშირით გააქვთ ნაგავი ხიდისთავიდან და რას უკავშირდება ასახული სურათი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ხიდისთავში, დავით ვასაძე ამბობს, რომ ნაგვის გატანა ყოველდღე ხდება. ვასაძე შექმნილ ვითარებას დამსვენებლების დიდ რაოდენობას უკავშირებს.
„ნაგვის ურნა თითქმის ყველა დღე იცლება, რადგან ბევრი დამსვენებელია ჩამოსული და მალ-მალე ივსება“, _ გვითხრა ვასაძემ.
ა(ა)იპ კომუნალურ სამსახურ ,,სხივში“ ამბობენ, რომ სამუშაოდ ორშაბათი მძიმე დღეა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ფაქტობრივად, 3 მანქანა ემსახურება, საიდანაც ამჟამად ერთი ბახმაროშია, ერთს აკეთებენ, ერთი კი დილიდან დაკავებულია სოფლებიდან ნაგვის გატანით.
„ხალხი იმდენია ჩამოსული, ურნები ვეღარ უთავდება. მოვითხოვეთ დამატებითი 150 ურნა, მაგრამ არ ჩანს. ამ წუთებში მიმდინარეობს დასუფთავება და მაქსიმუმ, 40 წუთში იქნება დასუფთავებული.
ნაგვის გატანა ხდება დილის საათებში. მანქანამ მოიარა დაბა, იყო წასული ერკეთში, ბუკისციხეში. ორშაბათი მძიმე დღეა. კვირას იყო ბაზარი და ბაზრის ტერიტორიაც ხომ უნდა დასუფთავდეს, ამიტომ დროის ფაქტორი იწელება.
სულ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 4 მანქანა გვყავს, ერთი ძველია. ბახმაროს სეზონი რომაა, ცოტა რთულადაა საქმე. ერთი მანქანაა ბახმაროზე მიმაგრებული, ახლა ერთი მანქანა მუშაობს აქ, მეორე მანქანა ეზოში დგას, აკეთებენ. ორშაბათობით ორივე მანქანას ვამუშავებთ, მაგრამ ეს გამოიწვია იმან, რომ მეორე მანქანა კეთდება“, _ გვითხრა ა(ა)იპ “სხივის” დირექტორმა მერაბ დოლიძემ.