საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გარდაბანში, მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას ყურადღება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მუშაობს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის უსაფრთხო ჩამოსაყვანად.
მისი თქმით, პირველ რიგში, მმართველი გუნდის ინტერესია, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო დემოკრატიას აძლიერებს და უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს ატარებს.
„ 2020 წლის ოქტომბერში ჩვენ ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის მანდატი იწურება და 10-ე მოწვევის პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ საქართველომ ამ წლებში გაატარა მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, შექმნა უფრო სამართლიანი გარემო, შექნა უფრო სწორი თამაშის წესები, შექმნა უფრო გამჭვირვალე სისტემა, უფრო სამართლიანი სისტემა და სწორედ ეს არჩევნები უნდა გახდეს ჩვენი მომავალი სტაბილურობის და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის დასაბამი. მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ უსაფრთხოდ შევძლოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოყვანა ქვეყანაში, რადგან პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა და მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ატარებს უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ამაში ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი პარტნიორების”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.