საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი 38 ახალი შემთხვევიდან 22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდან, 7 არის დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 შემთხვევა შემოტანილი და აქედან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და 5 პირზე მიმდინარეობს კვლევა – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 251 პაციენტი მკურნალობს. აქედან 3 კრიტიკულად მძიმე და 15 მძიმე პაციენტია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1 270 გამოჯანმრთელდა, 19 კი დაიღუპა.