წუხელ, გვიან, ღამით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთიდან, პატრულის თანხლებით, ქობულეთის „აჭარა ტექსტილში“ მომუშავე ერთი ქალბატონი გადაიყვანეს.
ცნობისთვის,ოთხი დღის წინ ჭანიეთიდან გადაიყვანეს ყველა ქალბატონი, ვინც აღნიშნულ ფაბრიკაშია დასაქმებული.
ჩვენი ინფორმაციით, ოჯახის წევრის კითხვაზე, თუ რატომ არ წაიყვანეს ეს ერთი ქალბატონი დანარჩენებთან ერთად, როცა სოფელში სპეციალური ავტობუსი შემოვიდა, ფაბრიკის წარმომადგენელმა, განუცხადა ქალბატონის მეუღლეს, რომ ფაბრიკის დირექტორმა მისი ტელეფონის ნომერი ვერ ნახა.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა ქალბატონის მეუღლეს, რომელიც ძალიან შეშინებულია და ამავე დროს, გაბრაზებულიც:
_ ერთი კვირის გამოშვებული მაინც იყვნენ ფაბრიკიდან, (მათ შორის იყო ჩემი მეუღლეც) , როცა ჭანიეთელი 16 ქალბატონი სპეციალური ავტობუსით გადაიყვანეს ბათუმში. ჩვენთან არც დაუძახიათ. ახლა მოვიდნენ უცებ, პატრულის თანხლებით, შუაღამეზე და გვეუბნებიან, იმიტომ არ წაიყვანეს მაშინ, ტელეფონის ნომერი ვერ იპოვა დირექტორმაო. რაა ეს? თუ დაინფიცირებულია, რა გვეშველება? ოჯახში ბავშვები გვყავს. ჯერ სახლში იმდენხანს იყო ყველა, მერე დაგვიანებით წაიყვანეს. წუხელ კი ჩემი მეუღლე გაახსენდათ. ახლა სად იპოვეს ტელეფონის ნომერი, ნეტა? კი იზახიან, კონტაქტის კონტაქტი, როცა ფქტი დაუდასტურებელია, საშიში არააო, მაგრამ სანამ ეს მკითხაობა დასრულდება, ჩვენ ჩვენი გვჭირს,_ გვეუბნება ქალბატონის მეუღლე, რომელიც , როგორც ვთქვით, ძალიან შეშინებული და აღელვებულია.
ზოგადად, ჭანიეთის მოსახლეობაში არის შიში, რომ სოფელი არ გახდეს სერიოზული დაინფიცირების ადგილი.