94 %-ია შანსი, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ამას მეცნიერება ამბობს, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინის მომზადებას მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე და 2-დან 5 წლამდე პერიოდი სჭირდება.
„ვაქცინებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ზოგადად, ვაქცინის მომზადებას მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე სჭირდება და დრო 2-დან 5 წლამდე, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი კი 6 პროცენტია. ჩვენ ნაჩქარევ ვაქცინას არ უნდა მოველოდოთ, არც წელს გვექნება და არც მომავალ წელს გვექნება. ვაქცინა არ გვექნება მალე! მეცნიერებასთან ასეთი თამაში და მოდი ახლა, ვაქცინა ორ წელიწადში გავაკეთოთ – არასწორია. შანსი 94%-ია, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ესაა მეცნიერება. ამას გიორგი ფხაკაძე კი არა, მეცნიერება ამბობს. მაგალითად ხშირად მომყავს ბატონი ფაუჩიც (აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი), რომელმაც შიდსი როცა გაჩნდა თქვა, რომ 2 წელიწადში შიდსის ვაქცინა გვექნებოდა, გავიდა 20 წელიწადი და შიდსის ვაქცინა გვაქვს? – ესაა კითხვაზე პასუხი. შესაბამისად, მეცნიერებასთან ასე თამაში და მოდი ახლა ჯოგური იმუნიტეტი გავაკეთოთ და ვაქცინა ორ წელიწადში გვექნება, არასწორია!“ – განაცხადა ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, დღეს 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15327 -ს შეადგენს. რაც შეეხება მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევებს, უკვე 39 მილიონს გადააჭარბა.
წყარო: ინტერპრესნიუსი