ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ქვეყნის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მოწოდებებისთვის სახელმწიფოთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, საგამოძიებო უწყებამ ოპოზიციონერ ლიდერს, კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი მეთოდებით დამხობის“ მცდელობის ბრალდება წაუყენეს, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას
„სვეტლანა ტიხანოვსკაიაზე სახელმწიფოთაშორისო ძებნა გამოცხადდა იმ მოწოდებებისთვის, რომლებიც მასმედიისა და ინტერნეტის გამოყენებით ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული“, – ნათქვამია ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სვეტალანა ტიხანოვსკაიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სვეტალანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი, საპროტესტო აქციები კი, ქვეყანაში დღემდე მიმდინარეობს.