დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, „ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატი, ვასილი ჩიგოგიძე წარადგინეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, მაღალი რანგის სახელისუფლებო პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე გამოსულ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სიტყვას, წინა გამომსვლელთაგან განსხვავებული მაჟორული ელფერი დაჰკრავდა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თავისუფლების, პოლიტიკის და პროგრესის მხარეში“, _ უთხრა მან მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის მონაწილეებს.
წარდგენის შემდეგ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტთა არაერთ კითხვას უპასუხა.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, რომ არსებობს ალბათობა არჩევნების გადადებისა და კოვიდინფიცირებულთა რა სტატისტიკაზე შეიძლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რომ გადაიდოს არჩევნები, მან ასეთი პასუხი გაგვცა:
_მე ჩემს გამოსვლაშიც აღვნიშნე და კიევ ერთხელ მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ეპიდემიოლოგებს, ექიმებს, ექთნებს, სამედიცინო პერსონალს, ყველა მეკავშირეს, ვინც ეპიდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე დგას. მსოფლიოში არის უპრეცედენტო მატება ახალი შემთხვევების და საქართველოშიც არის მატება შემთხვევებისა და ეს რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ნებსმიერი სახელმწიფოსთვის, ჯანდაცვის და ეკონომიკისთვის. ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, გავაკეთოთ მაქსიმუმი თანამოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის. უპირველესია, ზრუნვა თითოეულ ადამიანზე და რა თქმა უნდა, ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგნა.
რაც შეეხება რესურსებს, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ უნდა გვესმოდეს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა. თუ ჩვენ დღეს დავიცავთ დისტანციას, თუ ჩვენ დავიცავთ წესებს, ამით ჩვენ დავიცავთ სამედიცინო რესურსებს, რაც შესაძლებელია, სჭირდებოდეს სხვა მოქალაქეს და ამით გადავარჩენთ სხვ ადამიანს. სრულიად ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმისთვის, რომ სამედიცინო რესურსები ოპტიმალურად იქნეს გამოყენებული, საბოლოოდ კი ყველაფერი იყოს კარგად, – გვითხრა არჩილ თალაკვაძემ.