ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და ის იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 21 ოქტომბერს მომხდარი “საქართველოს ბანკის” ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით ავრცელებს.
უწყება მედიას და საზოგადოებას მოუწოდებს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.
პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.