ბავშვობა
ჩოხატაურთან კავშირამდე, იყო ჩოხატაურელებთან კავშირი; ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ჩემს ბებიას და ბაბუას _ ორ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს ჩემს ცხოვრებაში. მამაჩემის დედ-მამა, ნელი დუმბაძე და ნოე გოგორიშვილი, სანამ პირველად ჩოხატაურში ჩამომიყვანდნენ, ისე აღწერდნენ აქაურობას, რომ ჩამოვედი, უკვე ყველაფერს ვცნობდი: წისქვილი, წისქვილის შემდეგ ეს იქნება, _ გახარებული ვამბობდი. უფრო ხშირად, ბებიაჩემის სოფელში _ ხიდისთავში ვიყავი. ბებიას და _ ჟოზეფინა, ხიდისთავში ცხოვრობდა და ზაფხულობით იქ იკრიბებოდა მთელი ბიძაშვილ-მამიდაშვილობა. ერთი ასაკის ვიყავით ყველანი.
ჟოზეფინა ბებიას მეზობლად ცხოვრობდა ერთი ქალი, ანუშკა. დღესავით მახსოვს, ანუშკამ ერთხელ მოგვიყვა ლეგენდა, რომ ზენობნის ბოლოში, ციხის ნანგრევებთან დასაფლავებული იყო თამარ მეფე. წარმოიდგინეთ მეორე-მესამე კლასელ ბავშვზე როგორ იმოქმედებდა ეს _ ყველა ეძებს თამარ მეფის საფლავს და თურმე აგერ, ზენობანშია დასაფლავებული!
მეორე დღიდან ჩვენი იქაური ყოფა დაიყო ორ ნაწილად _ ერთი, როდესაც ვთხრიდით და ვეძებდით თამარ მეფის საფლავს და მეორე, როდესაც წყალში ვჭყუმპალაობდით. სხვა არაფერზე ვცდებოდით. მახსოვს, ყველაზე დიდი ემოცია იყო, რაღაც თიხის ნატეხს რომ ვიპოვიდით, ვყვიროდით, აი, მორჩა! ვიპოვეთ! თუმცა, ცხადია, მერე თავიდან ვიწყებდით ძებნას…
ყველაზე კარგად მახსენდება თავისუფლება, რომელიც სოფელში გვქონდა. დილას რომ გაიღვიძებდი და გახვიდოდი სოფელში, დარწმუნებული იყვნენ ოჯახის წევრები და მშობლები, რომ არაფერი ცუდი არ შეგემთხვეოდა. სადაც უნდა მისულიყავი, ყველგან, როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობდი თავს და რომ ღამდებოდა, მარტო მაშინ ვბრუნდებოდით სახლებში. აი, ეს თავისუფლების გრძნობა არის ის, რაც ჩემთვის ბავშვობიდან ასოცირდება გურიასთან.
“არ შეიძლება მთელი დღე, ასე „თხასავით“ დარბოდეს ბაღანე აქეთ-იქით, რამე სასარგებლო უნდა ისწავლოს“, _ ამბობდა მამიდაჩემი _ საოჯახო საქმეებს გულისხმობდა, რა თქმა უნდა. მეც მზად ვიყავი, მესწავლა ყველაზე გემრიელი _ მისი გამომცხვარი კეცის ხაჭაპურის მომზადება, თუმცა, ისე მაინც ვერ ვისწავლე, როგორც ბებია და მამიდა აცხობდნენ.
ჩემი ბავშვობის მთავარი მოგონება აქაური ადამიანები არიან, ადამიანები, რომელთა სახეები, სახელები მუდამ მახსოვს. მათი უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ის სითბო და ყველაფერი, რასაც და როგორც ლაპარაკობდნენ, დღემდე მომყვება. სწორედ იმ ადამიანების სითბო და სიყვარულია გურიისადმი ჩემი დამოკიდებულების განმსაზღვრელი.
გურია და პოლიტიკა
საოცარი ხალხი ცხოვრობს გურიაში; სრულიად განცვიფრებული ვარ, რამდენ რამეს კითხულობენ და რამდენი რამე იციან. როცა შეხვედრაზე მივდივარ, ვსაუბრობთ უმუშევრობაზე, ახალგაზრდების მიგრაციაზე, რადგან აქ დასაქმების პერსპექტივა არ აქვთ. მერე გადავდივართ პროდუქტის თუ მედიკამენტების ფასებზე, რა ღირდა და როგორ გაძვირდა. ამას რომ მოვრჩებით, მერე აუცილებლად გადავდივართ საერთაშორისო ურთიერთობებზე.
პირველი შეხვედრა რომ მქონდა, ერთმა კაცმა მითხრა, აი, ყველაფერი გასაგებია, ბიძიკო, საქართველოში რაც ხდება, მარა, იგი მითხარი ახლა შენ, ტრამპი რას იზამს, მოიგებს თუ ვერ მოიგებს არჩევნებსო. მე ვუთხარი, მიუხედავად ბოლო გამოკითხვებისა, მაინც მგონია, რომ ტრამპი კიდევ ერთხელ გახდება პრეზიდენტი-მეთქი. მომიბრუნდა და მკითხა, გვაწყობს მერე მაი ჩვენ, „დემოკრატები“ არ არიენ უკეთესი საქართველოზაო?!
და იქ იყო კამათი ამერიკის „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“, ბაიდენი და ტრამპი, რომელი უფრო გამოადგება საქართველოს!… ჩვეულებრივად, პოლიტოლოგებივით და ექსპერტებივით, მათზე უკეთესად მსჯელობენ ამის შესახებ! ყველაფერს კითხულობენ, წაკითხული აქვთ კონგრესმენების, სენატორების, ევროპარლამენტარების წერილები. საოცარი ხალხია გურულები და საოცრებები ხდება აქ.
რამ შეიძლება გადაარჩინოს გურია
ხშირად ვფიქრობთ, რამ შეიძლება გადაარჩინოს გურია, გურიის ეკონომიკა და დეტალურად განვიხილავთ ხოლმე ძირითად მიმართულებებს _ სოფლის მეურნეობას და ტურიზმს, განსაკუთრებით, ეთნოტურიზმს.
ჩემს ამერიკელ მეგობარს დაბადების დღის მისალოცად გურული მრავალჟამიერი რომ გავუგზავნე, მკითხა, რომელი პროგრამაა კომპიუტერის, რომელიც ხმებს ასე ალაგებსო. მე ვუთხარი, ეს არავითარი პროგრამა არაა, სამი ადამიანი დგას და მღერის-მეთქი და დამატებით გავუგზავნე კრიმანჭული. ძლივს დავაჯერე, რომ ასეთი ხმა შეიძლება ადამიანის პირიდან ამოვიდეს და მაშინ მითხრა, რომ 2020 წლის ზაფხულს მე ვატარებ იმ კუთხეში, სადაც ასე მღერის ხალხიო; გეგმებს ვაწყობდი, გურიაში სად და როგორ უნდა წამეყვანა, რომ არა ეს კორონავირუსი…
და ეს ჩემი მეგობარი არაა ერთადერთი _ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც უნდა ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოს. მითუმეტეს, რომ ერთმანეთთან ასე ახლოსაა ზღვა და მთა. ასეთი შესაძლებლობები როცა აქვს კუთხეს, იქ არ შეიძლება უპერსპექტივობაზე ვილაპარაკოთ და ოპტიმისტურად არ ვიყოთ განწყობილი, თუ ნორმალური ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ეყოლება.
ძალიან ბევრი რესურსი აქვს გურიას და ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მითუმეტეს, როცა ვიცი კონკრეტულად რამდენი ფულია წყალში გადაყრილი, რამდენი მილიონია დახარჯული შიდა გზებზე _ კოხნარის გზა 2019 წლის ივნისში ჩააბარეს, წყალგაყვანილობის სამუშაოები დაასრულეს, მაგრამ წყალი მაინც არ აქვთ. ბუკისციხის გზაზე 3 თვეში გაბიონები ჩამოინგრა და 750 000 ლარი წყალშია გადაყრილი. ეს ყველაფერი _ გაფუჭებული და ვერშესრულებული სამუშაოები მილიონებზე ადის.
ამას ემატება ზღვისპირა ზოლი, სადაც 1კვმ მიწის რეალური ფასი, მინიმუმ, 20 დოლარია, შავი ზღვის არენის მოპირდაპირედ კი მიწა 30 თეთრად გაიყიდა. “კაპროვანში“ 49 000 კვმ მიწა მუნიციპალიტეტმა გაყიდა 2ლარად და 60 თეთრად. იმიტომ, რომ შავი ზღვის არენის მოპირდაპირე მხარეს 30 თეთრად რომ გაიყიდა, აუქციონში ერთადერთი მონაწილე იყო ოზურგეთის ქონების მართვის სამსახურის უფროსი მერაბ წივწივაძე. მეორე _ კაპროვანში 49 000 კვმ-ის ნახევარი გურიის გუბერნატორის მოადგილის, ქეთევან მოისწრაფიშვილის მამამ და ძმამ შეიძინა.
მარტო ამ ორი მაგალითიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ნაცვლად 130 000-ისა, უნდა შესულიყო 10 მილიონი. ეს აუდიტის დასკვნაში წერია. ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს, ამაზე რეაგირება ხომ უნდა მომხდარიყო, როცა სახელმწიფომ იზარალა მილიონობით ლარი?! მაგრამ რეაქცია როგორ ექნებათ, როცა, როგორც იქცევიან ცენტრალურ ხელისუფლებაში, ზუსტად იგივე ხდება ადგილობრივ ხელისუფლებაში. ვერავინ ვერ გამოიშვერს თითს აქეთ, რეგიონისკენ, იმიტომ, რომ თითონაც იმავეს აკეთებენ! წარმოიდგინეთ, მილიონნახევარი მოიგო კომპანიამ გზის გასაკეთებლად.
ადგილობრივმა აუდიტმა სამუშაოები რომ ჩაიბარა, უთხრა, 220 000 ლარის სამუშაოები სად წაიღე, არ ჩანს, გამქრალია, 300 000 კიდევ უხარისხოდაა შესრულებულიო. ანუ იმ მილიონ ნახევრიდან ნახევარი მილიონი სად წავიდა, არავინ იცის. აი, ეს დაწერა ოფიციალურმა სტრუქტურამ, მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა და რა მოხდა ამის მერე?! ერთ კვირაში იმავე კომპანიამ ახალი ტენდერი მოიგო, მერე მეორე, მესამე, სულ 5 ტენდერი აქვს მოგებული და რატომ? იმიტომ, რომ ყველა ტენდერის მერე, 60 000 ლარს სწირავს „ქართულ ოცნებას“. უნდა შეიცვალოს, ეს ნეპოტიზმი, კორუფცია, ბიძაშვილ-მამიდაშვილობა… სანამ ამას არ ეშველება, არაფერს ეშველება. და თუ ეშველა, სამუშაო ადგილებიც იქნება, შემოსავალიც და კონკურენციაც.
“შეცვალეთ!“
შეხვედრებზე სულ მეუბნებიან: შეცვალეთ თუ _მოქმედება, თუ _ ადამიანი. მარტო ვერავის და ვერაფერს შევცვლი, ეს ერთად უნდა შევცვალოთ. ყველა არჩევნები ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ ასე ღიად და საჯაროდ ადამიანი გამოდიოდეს და გთხოვდეს არსებულის შეცვლას, ვერ ვიხსენებ…
ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, რომ დამთავრდეს (ვინც არ უნდა იყოს) ერთი კაცის მმართველობა. წარმოიდგინეთ, მარტო ადამიანი ოჯახშიც ვერ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. როგორც კი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბევრია ჩართული, ბევრის მოსაზრებაა გათვალისწინეებული, შედეგიც ბევრად უფრო გამართული და სწორი გამოდის. საუბრისას ყველა ძალიან მარტივად წარმოიდგენს და ხვდება, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი კოალიციური მთავრობაა, რომელიც უნდა შედგეს 2020 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ.
მნიშვნელოვანი კანონპროექტების ავტორი
დეპუტატი გავხდი 2004 წელს; მანამდე ვიყავი პარლამენტის აპარატის უფროსი. არასოდეს დამითვლია და არც დავითვლი კონკრეტულად რამდენ ადამიანს დავხმარებივარ. შემიძლია ვიამაყო, რომ სამსახურში ძალიან მაღალი კვალიფიციური კადრების პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩიდან მოსვლას შევუწყვე ხელი. ისინი არიან ყველგან _ დაწყებული საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოებიდან, დამთავრებული _ სამინისტროებით. მეამაყება, რომ ვარ რამდენიმე კარგი კანონპროექტის და ზოგი- კანონის ავტორი; მაგალითად, დღეს რომ დეკლარაციები არსებობს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიგოს თანამდებობის პირის ყველანაირი შემოსავალი და ქონება, მე ვარ ამ კანონის ავტორი.
ვამაყობ სადეკრეტო შვებულების შესახებ კანონით; შეზღუდვები რომ მოიხსნა და მშობიარობის შემდეგ ქალებს რომ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება აქვთ, დღეების რაოდენობა რომ გაეზარდათ, ამ ყველაფრის ავტორი მე ვარ. თუმცა, მისი გატანა მარტივი არ ყოფილა _ დამატებითი ხარჯების გაღებაზე იყო საუბარი და ყველა მეწინააღმდეგებოდა. ბევრი რამ შეიძლება ჩამოვთვალო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც ეს მიმაჩნა _ ღია და საჯარო გავხადე სახელმწიფო მოსამსახურეების, ჩინოვნიკების ქონება ფინანსური და ქონებრივი დეკლარაციების თვალსაზრისით და ქალებს დეკრეტულ პერიოდში მეტი შეღავათები აქვთ.
რატომ გურია და რატომ ახლა
ეს ყველაფერი რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარეობს. პირველი, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები; ესაა რეფერენდუმი _ გვინდა თუ არა, ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოს დაემსგავსოს.
ცვლილება არ გულისხმობს მხოლოდ ეკონომიკურ, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს. ვუყურებ როგორი უთავმოყვარეო პოლიტიკა აქვს ჩვენს ხელისუფლებას ოკუპანტი რუსეთის მიმართ, ჩემთვის, არა როგორც პოლიტიკოსისთვის, არამედ ერთი რიგითი მოქალაქისთვის, ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. პირდაპირ რუსეთის დაკვეთაა მაგალითად “კარტოგრაფების საქმე“და ამ სცენარს ჩვენი ხელისუფლება აღასრულებს.
ბიძინა ივანიშვილმა თქვა, საქართველო პატარა სოფელია და იგი არ უნდა გახდეს მიზეზი ევროპასა და რუსეთს შორის დაპირისპირებისო. რუსეთისთვის პრობლემის არშექმნა არის ამ ხელისუფლების ძირითადი მიმართულება და ეს ჩემთვის მიუღებელია.
ყველამ გააცნობიერა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცვლილება და ამის შედეგი იყო უპრეცენდენტო ერთობა, რომელიც მთელი 6-7 თვის განმავლობაში ჩამოყალიბდა ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებებისას. აქედან გამომდინარე, მე ჩემს ცხოვრებაში პირველად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვყოფილიყავი მჟორიტარი და თუ სადმე მაჟორიტარი ვიქნებოდი, აუცილებლად გურიაში _ გურია არის ჩემი სამშობლო, ჩემი წინაპრების სამშობლო. ამასთან, მე არ ვარ „ერთი კინკილა“ პოლიტიკოსი _ „ევროპული საქართველოს“ გუნდის წევრი ვარ, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს, როგორ უშველოს ეკონომიკას და როგორ შეიძლება საგარეო პოლიტიკა იყოს თანმიმდევრული, მშვიდობიანი, მაგრამ ამავდროულად, პრინციპული.
ჩვენ შეგვიძლია ახალი ინვესტიციების და ახალი შესაძლებლობების მოზიდვა ქართული ეკონომიკისთვის. მაგალითად, შესაძლებელია მოიძებნოს ინვესტორი, რომელიც აღადგენს სოფელ მერიის აეროპორტს და იქ იქნება სატრანსპორტო ტერმინალი; თუ ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტები სამგზავროა, სატვირთო აეროპორტის არსებობა დასავლეთ საქართველოში, მხოლოდ გურიისთვისაა შესაძლებელი. ამას მოჰყვება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც.
ის, რომ ამ გუნდის წევრი ვარ ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, რომ ვიყო „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი და რატომ „ევროპული საქართველო“? _ იმიტომ, რომ საქართველოა ევროპული!
(R)