შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში, – ამის შესახებ „ევროპული საქარველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხმების დათვლის პროცესს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
“უკვე გამოცხადდა რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგი და ყველა ამ შედეგს აერთიანებს ორი რამ. პირველი – ამ შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში და აქ მე არ ვთვლი ხელისუფლების დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს. საუბარია „ედისონზე“ „იფსოსზე“ და ჩვენს ეგზიტპოლებზე. ყველა ეგზიტპოლში იყო ძალიან მაღალი პასუხი უარზე და შემდეგ მოხდა ალოკაცია, რომელიც ყოველთვის იძლევა მაღალ ცდომილებას. ასეთ პირობებში, როდესაც ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები, როდესაც ყველა ხმა და ყველა პროცენტი არის მნიშვნელოვანი იმის დასათვლელად, თუ როგორ დაჯდება ჯამურად ხმები და ვის ხელში იქნება ხელისუფლება, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ხმების დათვლას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მინდა მივმართო „ევროპული საქართველოს“ ყველა წევრს და დამკვირვებელს უბნებში, ოლქებში, ცესკოში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენს მუშაობას, უნდა ვიყოთ ბოლომდე უბნებზე, ვიბრძლოთ თითოეული ხმისთვის და დავიცვათ თითოეული ხმა“, – განაცხადა ბაქრაძემ.