საქართველოში ეს ამინდი განპირობებულია შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან შემომავალი ცივი ჰაერის მასებით. ამჟამად ცალკეულ რაიონებში დაბლობსა და ბარში წვიმს. მაღალმთიან რაიონებში მცირე თოვაა, რაც ღამის საათებში შენარჩუნდება და 8 ნოემბრიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს,_ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ სატელეფონო საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
„აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის დედაქალაქში ქარი შუადღისთვის მთლიანად ჩადგება და დღის განმავლობაში დღევანდელთან შედარებით 1-2 გრადუდით მოიმატებს.
სავარაუდო ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +17, +19 გრადუსია მოსალოდნელი, მთიან რაიონებში +11, +13 გრადუსი, მაღალ მთაში +9, +11.
რაც შეეხება შემდეგ დღეებს 9-ში მთლიანად საქართველოში უნალექო ამინდია და 10 ნოემბერს დღის ბოლოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია გაწვიმდეს. გაწვიმდება აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებშიც. არამდგრადი ამინდი 11-12 ნოემბერსაც მოსალოდნელია. ღამის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დაიკლებს და +6, +8 გრადუსია მოსალოდნელი. მთიან რაიონებში დაახლოებით 0, +3. მაღალ მთიან რაიონებში -4, -2. ხოლო დღის ტემპერატურა 9-11 ნოემბერს დაახლოებით დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია +18, +20 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +19 გრადუსი. რამდენიმე გრადუსით მოიმატებს ტემპერატურა მთიან და მაღალ მთიან რაიონებში დღისით“,_ გვითხრა დოდო გვაზავამ.