ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს.
გასული 24 საათის განმავლობაში ჩოხატაურში ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ინფიცირების 4 შემთხვევა დაფიქსირდა ვან ზომლეთში, გორაბერეჟოულში -1 , ბურნათში -1,კოხნარში -1, ზემო ფარცხმაში- 1 , დაბაში – 2, ამაღლებაში-1, ერკეთში-1, ქვენობანში- 1.
კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად იმ პირთა წრეც ფართოვდება, რომლებიც ინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციაში უნდა იმყოფებოდნენ. ასევე მნიშვნელოვანია იზოლაციაში იმ პირების ყოფნა, რომლებიც კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხს ელოდებიან.
ჩვენ კიდევ ერთხელ გახსენებთ, თუ რისი უფლება აქვს/ არ აქვს პირს იზოლაციაში ყოფნის პერიოდში, რომელიც ინფიცირებულთან კონტაქტიდან 14 დღის განმავლობაში გრძელდება.
იზოლაციის (თვითიზოლაცია, კარანტინი) სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება
დასაშვებია იზოლაციაში მყოფი პირის არაპირდაპირი კონტაქტით საკვებისა და პირადი საჭიროების საგნების/ტანსაცმლის, ხოლო საჭიროებისას – მედიკამენტების გადაცემა
საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდულია მინიმუმამდე. დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით
ცნობისთვის, იზოლაციის პერიოდში პირი სარგებლობს განცალკევებული ჭურჭლით (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცით და საწოლით, ერთჯერადი ინვენტარით.
იზოლაციაში მყოფ პირს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს სატელეკომუნიკაციო კავშირით (მათ შორის, ინტერნეტით).
იზოლაციის პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს იზოლაციაში მყოფი პირის პერიოდულ მონიტორინგს. საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი ასევე შესაძლებელია განახორციელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილმა სამსახურებმა.
იზოლაციაში მყოფი პირის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში/კლინიკიდან ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ, სპეციალური ავტოტრანსპორტით, საჭიროებისამებრ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხლებით. იზოლაციაში მყოფი პირი სტაციონარში განთავსდება ბოქსირებულ პალატაში, საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე.
იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება.
იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს.
იზოლაციაში მყოფ პირს იზოლაციის პერიოდში ეკრძალება სხვა პირებთან ურთიერთობა, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ რეკომენდებული დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე.