ამერიკასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, სხვაგვარად უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, ვერ გავუმკლავდებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც უპასუხა კითხვას მოხდება, თუ არა საქართველოში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის რაიმე ფორმით განთავსება.
„ამერიკასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის. სხვაგვარად ჩვენ იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ, რაც გულისხმობს ამერიკელების დახმარებით, საქართველოს გაძლიერებას მუდმივად ვსაუბრობთ, დღესაც ვისაუბრებთ და ეს საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება სტრატეგიული ურთიერთობის თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება მუდმივი პროცესია“, _ განაცხადა მინისტრმა.