სოფელი ნაგომარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ხოლო საბჭოთა ეპოქაში, როგორც მოწინავე კოლმეურნეობით ცნობილი სოფელი, საუკეთესო სოფლების ხუთეულში შედიოდა.
სოფელი ოზურგეთის ცენტრიდან 16 კილომეტრითაა დაშორებული და სამგზავრო ტრანსპორტი დღეში მხოლოდ ერთ რეისს აკეთებს.
ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ხალხს ფეხით სიარული უწევს, არადა სოფელი მრავალუბნიანია, ცენტრიდან სოფლის ბოლომდე კი ათ კილომეტრამდე მანძილია.
_ მიიჩნევენ, რომ რაკი სოფელში ცენტრალური საქალაქთაშორისო გზა გადის და ბევრი ტრანსპორტი მოძრაობს, სარეისო ავტობუსმა მეტი სიხშირით არ უნდა იმოძრაოს. თან, როცა ეს ავტობუსი კერძო პირს ეკუთვნის, როცა გაუხარდება და ჩათვლის საჭიროდ, მაშინ დადის. ამიტომ აუცილებელია, გამოიყოს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელსაც ექნება გარკვეული მარშრუტი და ივლის დიდი უბნების გავლითაც, რომ ხალხს აღარ მოუხდეთ კილომეტრების ფეხით გავლა, _ ამბობენ ნაგომრის მცხოვრებლები.
დღეისთვის სოფელს ბევრი პრობლემა აქვს, რომელთაგან ადგილობრივები ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად უწყლობას მიიჩნევენ.
სოფელში მხოლოდ ჭებით სარგებლობენ. თუმცა, ბევრგან დამშრალია, რის მიზეზადაც მდინარე სუფსაზე გახსნილ უამრავ კარიერს ასახელებენ.
_ პრობლემას რა გამოლევს? უმუშევრობაზე საუბარი ზედმეტია. დღიურად თუ სადმე იმუშავებს ადამიანი, თორემ მუდმივად დასაქმებული ძალიან ცოტაა. უწყლობა უმთავრესი პრობლემაა.
ყველაზე ძალიან, იცით, რაზე გვტკივა გული? სოფლის ცენტრში უნიკალური შენობა გვქონდა, კულტურის სახლი, სადაც ხუთასამდე მაყურებელი ეტეოდა. დღეს ისე ინგრევა, რომ არავინ არაა პატრონი. ყველაზე ძალიან ეს შენობა მენანება.
რამდენი ფილმია ნაგომარში გადაღებული. უძლიერესი კოლმეურნეობა იყო. ახლა თუ იტყვი, რას ამბობ, კომუნისტები არ ახსენოო, _ გეტყვიან. ამ კულტურის სახლის აშენებისთვის, როგორც გვახსოვს, 70 ათასი მანეთი გამოიყო მაშინ სახელმწიფოსგან, რაც ძალიან დიდი ფული იყო. საუცხოოდაც გააკეთეს. ახალგაზრდობის გუგუნი ისმოდა იქიდან. დღეს ხავსის და ვირთხების საბუდარია, იშლება, ინგრევა. ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამაზე და მიუსწროს, რომ გააკეთოსო, _ გვეუბნება ადგილობრივი მცხოვრები დავით დოლიძე.
იგი, ასევე, საუბრობს სამუშაო ადგილების არარსებობაზე.
_ სამუშაო სადაა? მე თავად რომ ვეხმარები სხვას, ხან ფული არ აქვთ, ხან _ პური. უჭირს ხალხს. მეზობლურადაც ვეხმარებით ერთმანეთს, მაგრამ დღიურად რომ მიდიხარ, ასეც უჭირს ხალხს გადახდა.
კომუნისტების დროს იყო წყლის სათავე ნაგებობა, უზარმაზარი აუზი და იქედან მერე მთელი სოფელი მარაგდებოდა. რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, დაინგრა ის ნაგებობაც და ახლა ჭაბურღილებს კი გვპირდებიან, მაგრამ, ჯერჯერობით, ნახევრად დამშრალი ჭების ამარა ვართ. ბევრი რამ კი კეთდება. გაზი შემოიყვანეს, გზაც გაკეთდა. ვიცი, ყველაფერი ერთად არ იქნება, მაგრამ წყალი უპირველესია! _ განაგრძობს ბატონი დავითი.
ადგილობრივები “გურია ნიუსთან” იმ პრობლემებზეც საუბრობენ, რას სეზონურ სამუშაოებს ახლავს:
_ ხვნა-თესვის დროს უმეტესობას მიწის დასამუშავებლად სამყოფი ფული არ აქვს. ნისიად ახლა არავინ არ მუშაობს. ადრე უფრო ხნავდნენ და თესავდნენ ისე, რომ თხილის მოსავლის აღებამდე გაცლიდნენ თანხის გადახდას. ახლა თხილიც დაავადდა. ძველებურად აღარაა მოსავალი და ტრაქტორისტიც არ მოგყვება დაპირების ამარა. ასევეა შემოდგომაზეც. როგორღაც ვახერხებთ სიმინდის ყანების მოტეხვას, თუმცა, გაჭირვებით. ძალიან გაჭირდა ცხოვრება, _ გვეუბნებიან სოფლის მცხოვრებლები. ბევრი მათგანი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, რადგან თვლიან, რომ მათი ნაამბობით შესაძლებელია, ვინმე გაანაწყენონ.
სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები ხაზს უსვამენ დასაქმების საკითხს, რაზეც უკვე ხელჩაქნევით საუბრობენ უფროსი თაობის წარმომადგენლები:
_ ჩვენს ახალგაზრდებს არანაირი საშუალება და რესურსი არ აქვთ, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ. სახელმწიფო ვერანაირ შესაძლებლობას ვერ უქმნის მათ. განსაკუთრებით იჩაგრებიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც საშუალო სკოლა კი დაამთავრეს, თუმცა, მერე ვერსად ვერ მოიკიდეს ფეხი, რადგან საამისო შრომითი ბაზა არ არსებობს.
გარდა ამისა, არ გვაქვს წყალი. მხოლოდ ჭების ამარაა სოფელი და ისინიც უმეტესად დამშრალია ან შრება.
ტრანსპორტს რაც შეეხება, ამ მხრივაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა _ მიიჩნევენ, რომ რაკი ნაგომარი ქუთაისი-ბათუმის ცენტრალურ გზაზე მდებარეობს, საჭირო არაა, სოფლის ავტობუსმა მთელი დღის განმავლობაში იაროს. სამარშრუტო ტრანსპორტი მხოლოდ ერთ რეისს აკეთებს დღის განმავლობაში. დილით, ცხრა საათზე მიდის ქალაქში და უკან დღის პირველ საათზე ბრუნდება. ეს შეიძლება? სოფლის ცენტრალური ტრასიდან, ბოლო დასახლებამდე შვიდი კილომეტრია, არის ბევრი უბანი და ხალხს ამ მანძილის ფეხით გავლა უწევს, თან რამდენიმე კილომეტრის, თორემ მცირე მანძილის გავლაზე არავინ წუწუნებს, _ გვეუბნება ნაგომრის მკვიდრი ახალგაზრდა თამარ ონიანი.
მანანა დოლიძე, 21 წლის, ნაგომრის მკვიდრი: “ჩემს სოფელში ბევრნაირი პრობლემაა, თუმცა, ყველაზე უკიდურეს პრობლემად მოსწავლეთათვის ინტერნეტის ხელმიუწვდომლობა მიმაჩნია. მე მყავს უმცროსი სამი და-ძმა, რომელთაც ცნობილი პანდემიის გამო, დღეს ონლაინ რეჟიმში უწევთ სწავლა, თუმცა, ინტერნეტი მათთვის ხელმიუწვდომელია. მე მაქვს ტელეფონზე ინტერნეტი, ჩემს უფროს ძმასაც, თუმცა, შინ ერთად არ ვართ ყოველთვის. არ ვიცი, ამ საქმეს რა ეშველება.
გვინდა, სოფელში იყოს რაიმე გასართობი ცენტრი. განახლდეს ძალიან ლამაზი კულტურის სახლის შენობა, რაზეც მთელი სოფელი ოცნებობს. ასევე, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა სოფლისთვის უწყლობაა. ნახევრად დამშრალი ჭების იმედადაა ხალხი”.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ნაგომრის მცხოვრებთა მიერ ჩამოთვლილ პრობლემებზე პასუხისმგებელ პირებს ესაუბრა, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული კუთხით.
კითხვებზე _ რა გეგმები აქვთ სოფელ ნაგომარში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, დღემდე რა გაკეთდა, ან რას აპირებენ უახლოეს მომავალში, გვიპასუხა მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ, რომელიც მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ მიმართულებას კურირებს:
“ჩვენთვის ცნობილია არათუ ნაგომრის, ყველა სოფლის პრობლემა. ვიცით ისიც, რომ წყალი ბევრგან უჭირთ და გეტყვით, რომ სულ ახლახან ხუთი ჭაბურღილის მშენებლობა დასრულდა სხვადასხვა სოფელში.
დაგეგმილია, სოფელ ნაგომარშიც გაკეთდეს წყლის მიწოდება ჭაბურღილის სისტემით, თუმცა, უცებ არ ხერხდება ეს ყველაფერი. ასევე, ვიცით ნაგომრის კულტურის სახლის შესახებ. ნამდვილად მაღალი დონის არქიტექტურაა და ისევე, როგორც სხვა სოფლებში არსებული უნიკალური შენობების, ასევე, ნაგომრის კულტურის სახლის რეაბილიტაციაც დაგეგმილია. ახლახან სოფელ შრომაში გადაიხურა კულტურის სახლი. რამდენიმე სოფელშია სარეაბილიტაციო ასეთი შენობები და ყველას განახლებას ვაპირებთ. თუმცა, ძალიან შეგვიშალა ხელი პანდემიამ. ძირითადად, ესაა შეფერხების მიზეზი. მიუხედავად რთული ვითარებისა, ჩვენ ამ ყველაფერს მივხედავთ. უცბად კი, როგორც გითხარით, ყველაფერი არ კეთდება”, _ გვითხრა თოთიბაძემ.