ლანჩხუთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე ფიცრულში, სადაც ქარი და სიცივე ყველა მხრიდან ატანს, უსახლკარო, მძიმე სენით დაავადებული, მარტოხელა მამაკაცი, მეზობლების იმედად ცხოვრობს. იგი ლოგინადაა ჩავარდნილი _ სიარული არ შეუძლია.
ფიცრული, სადაც ორი თვეა 67 წლის ვოვა აკინი შესახლდა, რეალურად მრავალბინიანი სახლის მცხოვრებთა სათავსოს წარმოადგენს და იქ ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არაა.
როგორც მამაკაცის საუბრიდან ირკვევა, უსახლკაროდ მას შემდეგ დარჩა, რაც მის საკუთრებაში არსებული ოროთახიანი ბინა, სადაც არ იყო სველი წერტილები და საცხოვრებლად არ გამოდგებოდა, ვალების გამო გაყიდა. ფული დაიხარჯა, ღია ცის ქვეშ დარჩენილსა და მძიმე ავადმყოფს კი სამოწყალოდ მეზობლებმა დაუთმეს ბინის უკანა ეზოში მდებარე პატარა ფიცრული.
საკუთარი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩენილი მამაკაცი ახლა ლოგინადაა ჩავარდნილი, სიარული არ შეუძლია და მასზე ზრუნვა კეთილ მეზობლებს უწევთ. მეზობლების თქმით კი, ზამთრის მოახლოებასთან ერთად ლოგინად ჩავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება და თუ დროულად არ მოხდა მისი თავშესაფარში გადაყვანა, არაა გამორიცხული ფატალური შედეგი დადგეს.
“ამ ფიცრულში ელემენტარული პირობებიც კი არაა, რომ აქ ადამიანმა იცხოვროს. კედლები შეკრული არაა, ყველა მხრიდან სიცივე და ქარი შემოდის. ავადმყოფი ადამიანი კი არა, ჯანმრთელი კაცი მოკვდება აქ. აუტანელი სიცივეა, მით უმეტეს, რომ ზამთარია კარს მომდგარი, ტემპერატურა თანდათან დაბლა იწევს. რთულია გაძლოს აქ ადამიანმა, თანაც დავრდომილმა და ავადმყოფმა.
არავინ არ ჰყავს ამ გაჭირვებულს, მარტოხელაა. საბუთების არქონის გამო აქამდე სოციალურ დახმარებასაც ვერ იღებდა, ახლახან დაენიშნა. უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობს, მეზობლებს სახლში მოგვაქვს, მაგრამ ეს არაა საკმარისი. აუცილებლად სჭირდება თავშესაფარში გადაყვანა, სადაც სითბო, სისუფთავე ექნება და მასზე იზრუნებენ”, _ ამბობენ ვოვა აკინის მეზობლები. მათივე ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით ვისაც შეიძლებოდა ყველას მიმართეს _ მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს, სოციალურ სამსახურს, თუმცა, ჯერჯერობით, შედეგი არ ჩანს და მძიმე ავადმყოფს ისევ ცივ ფიცრულში, გაუსაძლის ყოფით პირობებში, მეზობლების იმედად უწევს ყოფნა.
მეზობლებისვე ინფორმაციით, ვოვა აკინის პრობლემასთან დაკავშირებით საქმის კურსშია ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში კახა კვიტაიშვილი, რომელმაც ამ ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოინახულა კიდეც უსახლკარო მამაკაცი.
როგორც თავად კახა კვიტაიშვილი განმარტავს, მეზობლებთან ერთად ის დაკავებული იყო საბუთების მოძიებით და ყველანაირად ეცდება, რომ აკინი თავშესაფარში გადაიყვანონ:
“ადგილზე მსგავსი თავშესაფარი არ არსებობს და გადაყვანის პროცედურა ხშირ შემთხვევაში, დროშია გაწელილი. საქმის კურსშია დეპუტატის ბიურო, სოციალური სამსახური, მიმდინარეობს საჭირო პროცედურები, რომ მოხდეს მამაკაცის თავშესაფარში გადაყვანა”, _ ამბობს კახა კვიტაიშვილი.
“გურია ნიუსი” ვოვა აკინის პრობლემასთან დაკავშირებით განმარტებების მისაღებად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასაც დაუკავშირდა. როგორც მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაკა სულაბერიძემ გვითხრა, აღნიშნული პირის მხრიდან მერიაში რაიმე დახმარების გაწევის მოთხოვნით არანაირი განცხადება არაა შესული. სულაბერიძემ იქვე დაგვიზუსტა, რომ სოციალური სააგენტოს ადგილობრივი განყოფილების მიერ უკვე შეგროვებულია და სათანადო უწყებაში გადაგზავნილია ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომ მოხდეს 67 წლის მარტოხელა, მძიმე ავადმყოფი მამაკაცის თავშესაფარში დროული გადაყვანა.