პირბადის ტარების მაჩვენებლის 95 პროცენტამდე გაზრდის შემთხვევაში, ევროპაში კარანტინის ხელახლა გამოცხადება აღარ იქნება საჭირო – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა.
ჰანს კლუგეს თქმით, ევროპა კიდევ ერთხელ არის პანდემიის ეპიცენტრი, აშშ-თან ერთად. მისი პროგნოზით, ევროპას წინ კიდევ რთული ექვსი თვე ელის. ევროპაში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 29-ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ჰანს კლუგეს თქმით, ევროპაში კორონავირუსისგან ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.