ჩეხეთის დედაქალაქი ძიუდოში ევროპირველობას მასპინძლობს. კონტინენტის საუკეთესო ტიტულისთვის 40 ქვეყნის 345 მებრძოლი ეჯიბრება ერთმანეთს. პირველი დღე ქართველებისთვის უიღბლო გამოდგა, თუმცა მეორე საშეჯიბრო დღეს სამივე ქართველმა კარგად იასპარეზა.
ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ-ში) ფინალში მოლდოველ ვიქტორ სტერპუს შეხვდა და დასანანი მარცხი იწვნია, არადა ოლიმპიურ ჩემპიონს მეტოქე ხელში ყავდა აყვანილი და გდებამდე ცოტა აკლდა, თუმცა ახალგაზრდა მოლდოველის კონტრილეთზე ჩაყვა. ამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები აზერბაიჯანელმა რუსტამ ორუჯოვმა და შვედმა ტომი მასიასმა მოიპოვეს, ამ უკანასკნელმა ლამაზი გდებით იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი ფაბიო ბასილე დაამარცხა.
81 კილოში საქართველო ორი ახალგაზრდა ძიუდოისტით წარსდგა და ორივემ შეძლო მედლის მოპოვება. ლუკა მაისურაძის და ტატო გრიგალაშვილის გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. რეპეშაჟში გადართულმა ლუკა მაისურაძემ ჯერ აზერბაიჯანელი მურად ფატიევი დაამარცხა, ხოლო შემდეგ ძალიან ლამაზი გდებით ნინდერლანდელი ფრანკ დევიტი. მეორე ბრინჯაოსთვის ორი ბელგიელი დაეჭიდა ერთმანეთს და გამარჯვება წონის ლიდერ, მატიას კასეს დარჩა. მან სამი ჩოუჩი დრამატულ, თითქმის 10 წუთიან შეხვედრაში დაამარცხა.
ტატო გრიგალაშვილი ფინალში გამოცდილი ბულგარელ ივაილო ივანოვს შეხვდა და წუთზე ნაკლები დასჭირდა ორი შედეგიანი გდების გასაკეთებლად. ამრიგად, მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ჰიმნით დასრულდა.
დასკვნით დღესაც 4 სპორცმენით წავრსდგებით. ხვალ ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90), ვარლამ ლიპარტელიანი (-100), ლევან მატიაშვილი და გურამ თუშიშვილი (+100) გამოვლენ.