კალაძემ ჩვენს დამოძღვრას თავი დაანებოს, ქალაქის პრობლემებს მიხედოს. ესაა მისი ფუნქცია და ამისთვის აირჩიეს. ნუ გვასწავლის პარლამენტი რა არის, – ასე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებისთვის გამოსავალი მხოლოდ ოპოზიციას აქვს შეთავაზებული და „ქართული ოცნების“ მხრიდან დუმილია.
„რაც შეეხება არჩევნებს, თუ დააკვირდებით, კალაძე ახსენებს, რომ ხელახალი არჩევნები არ იქნება, ხელახალ არჩევნებსა და რიგგარეშე არჩევნებს შორის არის სხვაობა. კი ბატონო, ნუ იქნება ხელახალი არჩევნები, მაგრამ იყოს რიგგარეშე არჩევნები, ეს ორი სხვადასხვა რამეა“,– განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან ადეკვატურ ნაბიჯებს ელოდება.
„ამ მოცემულობით პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ. კომპრომისი რა იქნება ჩვენი მხრიდან, დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“. თუ ისევ არხეინად განაგრძეს ცხოვრება, ვითომ არაფერი მომხდარა, რა თქმა უნდა, ეს არავის კომპრომისისთვის არ განაწყობს. თუ დავინახავთ მათი მხრიდან ადეკვატურ ნაბიჯებს, მზად ვართ. იმიტომ ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში, რომ მზად ვართ, სერიოზულად ვიმსჯელოთ თითოეულ საკითხზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს.
„მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და პარლამენტიდან გაგრძელდება მუშაობა“,– განაცხადა კალაძემ.