ეს ის „ბაბუცი ბებოა“, ოზურგეთის ცენტრში, რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე ეზოში რომ ცხოვრობს. ახლახან 95 წელი შეუსრულდა და „გურია ნიუსის“ მკითხველებს შეჰპირდა, ძლიერი გენეტიკა მაქვს, ასი წელი უნდა მოვათავო და ამ ჩემ საყვარელ ეზოში იუბილე ერთად ვიზეიმოთო.
ბაბუცა აბრაბალაძე, ჩვენი „ბაბუცი ბებო“, ახლაც, დილაადრიან ამდგარი, სახლის წინ, ცოცხით ხელში ფუსფუსს შეუდგა:
_გამოიდარა, როგორც იქნა და საახალწლოდ ჩემებურად უნდა მივაწკრიალო ჩვენი ეზო. რაფერაა ბებია, საქმე, მაი დასაღუპი კორონა დეგვეთხუება, ვითამ? გავცოცხოთ , ამ ფოთლებს „მივათავყუდებ“ და…_ დილის პოზიტიური ლექსიკონი მარაგად მუდამ აქვს.
შინიდან კი შვილი, ქალბატონი ნათელა ჩხაიძე გვეხმიანება:
_ვინ დაახვეტინებს ეზოს, დაბრძანდეს აგერ, კრესლოში, მაგრამ დაგიჯერებს? გამოდარება უხარია, ამდენი წვიმის შემდეგ. სულ ფანჯრიდან იყურება, მზეს ეძებს…
სიჭარმაგე არ გამოლეოდეს მზის მაძებარ, უთენია წამომდგარ, დილის პოზიტივ ჩვენს „ბაბუცი ბებოს“.