საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის” ეთერში ილაპარაკა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას” შორის განსხვავებებზე. „სწორედ იმის გამო, რომ ინტელექტი არ ჰყოფნის, მაგალითად, ბოკერიას, გვარამიას და ა.შ. ამიტომ არიან ისინი დღემდე ოპოზიციაში, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული რესურსი აქვთ, მედიარესურსი, ფული აქვთ მილიონი მოპარული და იმას ხარჯავენ ყოველ არჩევნებზე და ა.შ. ჭკუა რომ ჰყოფნიდეთ, თავისი ჭკუით მოგვიგებდნენ დიდი ხანია”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ინტელექტის ნაკლებობას უკავშირებს ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას.
„რაც შეეხება რეალურ ვითარებას, ინტელექტში არსებითი სხვაობაა და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ერიდებათ მათ პარლამენტში შემოსვლა, იმდენად მძიმე სურათი აქვთ მათ და იმდენად დიდია სხვაობა ვიზუალური, ინტელექტუალური თვალსაზრისით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რომ ისინი ძალიან მძიმედ გამოჩნდებიან ამ ვითარებაში. სამადაშვილის ცნობილი შეფასებები გახსოვთ, აქეთ არის მომავალი, პერსპექტივა, სინათლე, იქით არის წარსული, სიბნელე. საინტერესო შეფასებები ჰქონდა და ყველაფერში ვეთანხმებით. ეს არის კონტრასტი და თვითონაც აცნობიერებენ, ამიტომ უჭირთ მათ პარლამენტში შემოსვლა, არ უნდათ ეს კონტრასტი თვალნათელი იყოს საზოგადოებისთვის, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათ ისედაც მძიმე სიტუაციას.
სამადაშვილს რაც შეეხება, ის გარეთ სხვა რამეს საუბრობდა, აღმოჩნდა, რომ სხვა რამეს ფიქრობდა. გვეძახდა, რომ ვიყავით პრორუსული, ჩამორჩენილი, რეგრესული და სინამდვილეში გაირკვა, რომ ფიქრობდა სულ სხვა რამეს, რომ არც პრორუსული ვართ, დასავლეთისკენ მივდივართ, ახალი სახეები გვყავს, ცივილიზებული პოლიტიკური პარტია ვართ და .ა.შ.” – ამბობს კობახიძე.
უმრავლესობის ლიდერი, ასევე, გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობიდან” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის წასვლას. „რაც შეეხება ვაშაძეს, განცხადება გააკეთა, გაემიჯნა. გამიჯნვას რაც შეეხება, საინტერესო რა არის, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ ეს ოპოზიცია იყო დასუსტებული, დასაშლელი და ა.შ. რაც ჩვენ ბოლომდე უნდა მიგვეყვანა, ეს საქმე ახლა თვითონ მიჰყავთ. ბოკერიამ ძალიან დიდი საქმე გაუკეთა ქართულ დემოკრატიას, ასევე სააკაშვილმა და გვარამიამ, ისინი შლიან თანდათანობით ამ რადიკალურ და მარგინალურ ოპოზიციას, ჯერ „ევროპული საქართველო“ ჩამოანგრია თვითონ, საკუთარი პარტია, მერე „გირჩი“ დაშალეს, ახლა „ნაცმოძრაობა“ დაშალეს“, – თქვა კობახიძემ.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან და ხუთი საარჩევნო სუბიექტის („ლეიბორისტული პარტიის”, „ევროპული საქართველოს”, „სტრატეგია აღმაშენებლის”, „ლელო”-ს და ენმ – „ძალა ერთობაშია”-ს) სიით არჩეულმა დეპუტატებმა მანდატებზე უარის მიზნით პარლამენტს ოფიციალური განცხადებებით უკვე მიმართეს.