კორონავირუსის მუტაცია შემდგომშიც გაგრძელდება – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანმო ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და აღნიშნულ საკითხზე მეცნიერებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა.
„მუტაცია ბუნებრივი პროცესია და გაგრძელდება. თავად ვირუსზე ეს განსაკუთრებულ გავლენას არ ახდენს, თუმცა ვირუსის ახალი ვარიანტების შესწავლა უნდა განვაგრძოთ, მათ შორის ვირუსის გადაცემის პოტენციალის თვალსაზრისით“,_ განაცხადა მარია ვან კერკხოვემ.
ცნობისთვის, 14 დეკემბერს, დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა კი განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ უფრო საშიში არ არის.
ასევე 19 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი სახეობა აღმოაჩინეს.