დღეს, დიდ ბრიტანეთში Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო, _ ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, 82 წლის ბრაიან პინკერი პირველი პაციენტია მსოფლიოში, რომელიც ვაქცინით აცრეს.
გამოცემის ინფორმაციით, პარკერს თირკმლის დაავადება აქვს და ჩერჩილის ჰოსპიტალში მკურნალობს. თებერვალში ის და მისი ცოლი ქორწინებიდან გასული 48-ე წლის აღნიშვნას აპირებენ.
როგორც Sky News წერს, ოქსფორდის ვაქცინამდე დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/BioNTech დაამტკიცა (მსოფლიოში პირველმა) და იმუნიზაცია 8 დეკემბერს დაიწყო. გერმანული კომპანია BioNTech-ისა და მისი ამერიკული პარტნიორის, Pfizer-ის მიერ შექმნილი პრეპარატის დოზები გაერთიანებული სამეფოს ყველა ნაწილში ჩაიტანეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამჟამად Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის 530 ათასი დოზაა ხელმისაწვდომი.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე მეხუთე დღეა, ვირუსი ყოველ 24 საათში 50 ათასზე მეტ მოქალაქეს უდასტურდება. 2021 წლის პირველ დღეებში კი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთში მარტში აშენებული სპეციალური კოვიდცენტრები კიდევ ერთხელ გახსნეს, ლონდონში მცხოვრები დაწყებითი კლასის მოსწავლეები კი სკოლიდან დაითხოვეს.
Covid 19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 654 779 შემთხვევა გამოვლინდა, 75 024 ადამიანი კი გარდაიცვალა.