„ქართუ ბანკიდან“ დივიდენდი არასოდეს ამიღია – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, საქართველოში ბიზნესის კეთება მიზნად არ ჰქონია.
მისვე თქმით, “ელიტა ბურჯი”, რომელიც „ქართუს“ გადასცა, წამგებიანი კომპანია იყო
,,მე, როგორც აქციონერს, „ქართუ” ბანკიდან დივიდენდი არასოდეს ამიღია. ბანკმა კი, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა.
რაც შეეხება „ელიტა ბურჯს“, ის წლების განმავლობაში წამგებიანი კომპანია იყო და მუდმივად მიწევდა მისი სუბსიდირება, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ დროის უქონლობის გამო, პირადად ვერ ვხელმძღვანელობდი კომპანიის მენეჯმენტს. კომპანია კი, საკუთარი ძალებით, სამშენებლო ტექნოლოგიებში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციის გამო, დროის მოკლე მონაკვეთში ვერ ახერხებდა მოგების მიღებას. მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემთვის საქართველოში ბიზნესის კეთებაზე მეტად ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და, ზოგადად, ბიზნესგარემოს გაჯანსაღება უფრო მნიშვნელოვანი იყო – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, ინტერვიუ 9 იანვარსაა ჩაწერილი, თუმცა რესპოდენტის, ბიძინა ივანიშვილს თხოვნით 11 იანვარს, მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც “ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალური წერილი გაავრცელა.