გია ხუხაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ განცხადება ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, მქონდა პიროვნული ვალდებულება, არ მიმეღო მონაწილეობა მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში.
კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის აბსურდი და მაღალი სახელმწიფოებრივი რისკების სერიოზული ფაქტორი.
შესაბამისად, ერთის მხრივ პირადი ვალდებულება ძალას კარგავს და მეორეს მხრივ, ჩნდება ამ ტრაგი-კომიკური სცენარის აღკვეთის საზოგადოებრივი ვალდებულება.
ეს მოცემულობა განაპირობებს ჩემს შემდგომ ნაბიჯებს“,_ აცხადებს ხუხაშვილი.
„მთავარი არხის“ ეთერში კი ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ეს მისი ერთჯერადი დაბრუნება იქნება.
“მე თუ პოლიტიკურ პროექტში მივიღებ მონაწილეობას, ეს იქნება ერთჯერადი მონაწილეობა, არ არის პოლიტიკა ჩემი საქმე, რომ გრძელვადიან კარიერაზე ვიფიქრო და არც იმ ასაკში ვარ, რომ ამ მიმართულებით ვიფიქრო. თუმცა, როგორც ერთჯერად პროექტში მონაწილეობას მივიღებ, იმისათვის, რომ აღდგეს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი. იმიტომ რომ კობახიძე, ჩემი აზრით, ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ზუსტად ამ მიმართულებით ყველაფერს.
ახლა რა ფორმით, ვისთან, როგორ, ახალი პროექტი დაიბადება თუ რაიმე არსებულ კონფიგურაციაში მოხვდება ეს ყველაფერი, ამაზე ჯერჯერობით არ მიფიქრია. უპარტიო საქართველო უნდა გააქტურდეს, იმიტომ რომ არსებული პოლიტიკური ელიტა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური, ვერ ფარავს იმ მოთხოვნილებას, რაც პოლიტიკურ ბაზარზე გვაქვს”,– ამბობს გია ხუხაშვილი.