როგორც უკვე ვიუწყებოდით, დღეს ხმაური იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში _ ამ სოფელში მცხოვრები მუსლიმები ამბობენ, რომ მათ უფლება აქვთ სალოცავი ჰქონდეთ სოფელში და მის აშენებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნას მართლმადიდებელ და მუსლიმ მრევლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც მოგვიანებით დაბა ჩოხატაურში, კლინიკა “მამქოლში“ გადაყვანეს ორი მოქალაქე, რომლებსაც ექიმების დახმარება დაჭირდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ქვენობანში დავით კვაჭანტირაძე “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ ხვალისთვის დაგეგმილია შეხვედრა, რომელზეც კიდევ ერთხელ ისაუბრებენ მუსლიმი მრევლის მიერ წამოყენებულ საკითხზე:
“დღეს მოხდა შეხლა–შემოხლა, თუმცა, ამ დროისთვის ყველაფერი კარგადა. დღეს იყო შეხვედრა გურიის გუბერნატორთან, მაგრამ იმ შეხვედრაზე არაფერი არ გადაწყვეტილა. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს.
ადამიანს რომ უნდა ილოცოს, ეს არ არის პრობლემა. არის რაღაც ნიუანსები და დაველოდოთ შეხვედრას. მე მეტს ვერაფერს გეტყვით“, _ გვითხრა დავით კვაჭანტირაძემ.