აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, სოფელ ბუკნარში, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური იყო და ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ, არავინ დაუკავებიათ.
როგორც კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, ბესო ქათამაძე სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და ვითარებას განარიდეს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ახლა პოლიციაში სიტუაციის გარკვევის მიზნით იმყოფება.
„ბესო ქათამაძე დაკავებული არ არის. ტერიტორიიდან გავიყვანეთ და პოლიციაში სიტუაციის გარკვევის მიზნით არის. საპოლიციო ძალები წარმოდგენილი იყო გუშინაც და მიმდინარე დღეებშიც იქნება, რამე განსაკუთრებულს არ ველოდებით. აღნიშნულ სოფელში თუ რაიმე სახის გაურკვევლობა და ინციდენტი მოხდა, ეს თითქმის ამოწურულია და სოფელმა უნდა გააგრძელოს ერთად, მეგობრულად და მშვიდ ვითარებაში თანაცხოვრება, დამატებითი ექსცესების გარეშე. დაკავებული არავინ არ არის. ამასთან, თუ სად და როდის შედგება შეხვედრა, არ ვიცი. დეტალებში ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება“, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.
შეგახსენებთ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო ქათამაძე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე.
წყარო: 1tv.ge