2021 წლის საკრებულოს პირველ სხდომაზე ლანჩხუთელმა კანონმდებლებმა, დღის წესრიგის შესაბამისად, მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებზეც იმსჯელეს და ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასაც დასტური მისცეს.
ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მოხსენებით საკრებულოში მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, როლანდ ლაშხია წარსდგა.
მისი განმარტებით, მთავრობის განკარგულებით, რეგიონალური განვითარების ფონდიდან, მუნიციპალიტეტს 2685681 ლარი გამოეყო, რომლის თანადაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა მიიმართოს 141406 ლარი. აღნიშნული თანხები კი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება.
კერძოდ, ღრმაღელე-ომფარეთის გზის რეაბილიტაციისთვის, მერიის მიერ წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის მიხედვით, 1612148 ლარი მიიმართება, რომლის წილიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84850 ლარი იქნება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციისთვის 211028 ლარის გახარჯვაა დაგეგმილი, საიდანაც 11160 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. რაც შეეხება, ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ 862505 ლარი, სადაც ადგილობრივი სახსრების წილი 45396 ლარია, საფეხმავლო ბილოკების, გარე განათებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციისთვის უნდა გაიხარჯოს.
ლაშხიას განმარტებით, ზემონახსენები თანადაფინანსებისთვის განკუთვნილი 141406 ლარის უზრინველყოფა 2021 წლის პირველი იანვრისთვის ბიუჯეტში არსებული თავისუფალი ნაშთის ხარჯზე მოხდება.