საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ არც დღევანდელი მრავალპარტიული პარლამენტი და არც სხვებთან ოპოზიციური ძალის განაწილება არ სურს.
თალაკვაძის განცხადებით, ნაციონალებს და მათ განაყოფებს არ აწყობთ, რომ 8 ოპოზიციური პარტია იყოს პარლამენტში და ერთადერთი მიზანი აქვთ – მონოპოლია ოპოზიციაში, მონოპოლია დეზინფორმაციაზე და მონოპოლია განსხვავებულ აზრზე.
„ნაციონალურ მოძრაობას” და მის განაყოფებს არ აწყობს არც საარჩევნო რეფორმა და არც პარლამენტში შესვლა იმიტომ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, დღევანდელი კანონმდებლობით, ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და 5%-იანი ბარიერით და თუ “ნაციონალური მოძრაობა” დანარჩენ ოპოზიციას დაბლოკავს, ის ოპოზიციაში მონოპოლიას შეინარჩუნებს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
თალაკვაძის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასება “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ვთხოვეთ გურიაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჩოხატაურის საკრებულოში, მამია ბარამიძემ ჩვეთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ არჩევნების რეალური შედეგები ხელისუფლებამ მიიტაცა.
ბარამიძის გაცხადებითვე, „ნაციონალები“ ხელისუფლებაში მოსვლას მალე შეძლებენ.
„პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გაყალბებულ არჩევნებს მიხედოს, რომ მიიტაცა ქართველი ხალხის, ამომრჩევლის ნება. „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის ძალიან დიდი ოპოზიციური პარტია და ძალიან მალე, ის თავისი სწორი ქმედებებით მოვა მთავრობაში და ჩაანაცვლებს ამ პრორუსულ მთავრობას“,_ გვიპასუხა მამია ბარამიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა კი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ერთადერთი ვისაც ქვეყანაში ცვლილებები არ სურს“ოცნებაა“.
„საარჩევნო რეფორმა და ცვილებები ამ ქვეყანაში მათ არ უნდათ. ქართველმა ხალხმა შეცვალა ხელისუფლება მაგრამ მათ არ დათმეს ძალაუფლება და შეინარჩუნეს მანიპულირების და გაყალბების გზით. ასე რომ ერთადერთი, ვისაც ხელისუფლების ცვლილება არ უნდა არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნებაა“,_ გვითხრა კახა ასკურავამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის პარლამეტში შეყვანას სხვადასხვა ფანდით ცდილობს.
მჟავანაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია გაყალბებული არჩევნების შედეგებით შექმილ პარლამენტში არ უნდა შევიდეს. თალაკვაძე კი ცდება თუ ყველა, ვინც ივანიშვილს ეწინააღმდეგება „ნაციონალური მოძრაობა“ ჰგონია.
„ხელისუფლებამ ჯერ გააყალბა არჩევნები და ახლა სხვადასხვა ფანდებით ცდილობს, რომ ოპოზიცია შეიტყუოს ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტში. ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და შესაბამისად ვერ იქნება ის პარლამენტი, ვისთან ერთადაც რაიმე სახის რეფორმა უნდა განახორციელო. რომელ რეფორმაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა რეალურად ოპოზიციამ მიიღო მეტი ხმა, ის კი გვთხოვს გაყალბებულ რეალობას შევეგუოთ. ესეც რომ გამოვრიცხოთ, ვის უნდა ვესაუბროთ, პოლიტიკურ მატყუარას, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი „გადამგდებია?“ გვახოვს 20 ივნისის ღამე, მაშინ სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა განცხადება, რომ ჩაატარებდა სამართლიან, სრულად პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ „გადააგდო“ არა მხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ დასავლელი პარტნიორებიც. გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტში არ უნდა შევიდეს ოპოზიცია და როცა საუბრობს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, თალაკვაძეს ავიწყდება, რომ ეს მარტო „ნაციონალური. მოძრაობის“ მოთხოვნა კი არ არის, არამედ ქართველი ხალხის და ყველა იმ ოპოზიციური პარტიის, რომელთანაც შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ მთელ რიგ საკითხებში ვერ თანხმდებოდეს, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს“,_ ამბობს მჟავანაძე.
მჟავანაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ ხელისუფლებას მართლა აწუხებს ქვეყნის ბედი, მაშინ დათმობაზე უნდა წავიდეს.
“თუ ამ ადამიანებს რეალურად აწუხებთ ქვეყნის ბედი, მაშინ უნდა წავიდნენ დათმობაზე. შეიძლება მათ არ სჯეროდეთ სხადასხვა კვლევების, მაგრამ სწორად ISFED-ის კვლევით, რომელსაც კობახიძე ხშირად იხსენიებდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველ მე-12 უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტინები ჩაყარეს. აღარ ვსაუბრობ ადმინისტრაციულ რესურსზე, აღარ ვსაუბრობ ქუჩის კრიმინალის გამოყენებაზე. ეს პროცენტები საკმარისია, რომ ქვეყააში სურათი შეცვლილიყო. გამყალბებელთან რომ ჩვენ არ ვჯდებით და არ ვსაუბრობთ და გვინდა სამართლიანობა აღდგეს, ეს არის ნორმალური პროცესი და ადრე თუ გვიან ხელისუფლებას მოუწევს დათმობა და ის რომ თალაკვაძე მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აპელირებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ის პარტიები, რომლებიც გაერთიანებულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, რა კომენტარი უნდა გავაკეთო“,_ გვპასუხობს მჟავანაძე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თუ არჩევნები კანონიერად ჩატარდა, ოზურგეთში დიდი დისბალანსი არ უნდა ყოფილიყო.
მჟავანაძე განმარტავს, თუ როგორი პარლამენტი სურს „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ოზურგეთის საარჩევნო ოლქში არის 62 საარჩევნო უბანი და აქედან ბალანსი არ დაჯდა 33 საარჩევნო უბანზე. მაშინ როდესაც შევარდნაძის პერიოდშიც არ იყო ამხელა სხვაობა. რატომ არ დაჯდა შედეგები, თუ ყველაფერი კანონიერად ჩატარდა? იმიტომ არ დაჯდა ეს ციფრები, რომ ხელისუფლებამ გაყალბების გზით შეინარჩუნა ხელისუფლება. ამაზე უარესი ფაქტებიც ვნახეთ. ოზურგეთის სასამართლომაც არ დააკმაყოფილა არცერთი მოთხოვნა და როდესაც ამდენი ფაქტი არსებობს, რა სინდისით საუბრობს თალაკვაძე? რეფორმები რომ გვჭირდება, ამიტომ ვითხოთ სამართლიან არჩევნებს.
იმისთვის კი არ დაუჭირა ხალხმა მხარი ოპოზიციას, რომ პარლამენტში იყვიროს და კიდევ 4 წელი ელოდოს და უყუროს, როგორ ანგრევს ეს ხელისუფლება ქვეყანას.
„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს იმ პარტიებით შეკრებილი პარლამენტი, რა შედეგებითაც რეალურად დასრულდა და არა იმ შედეგებით რითაც “ქართულმა ოცნებამ “დაასრულა და რაც ბიძინა ივანიშვილს აწყობდა.შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ არჩევნები გაყალბებულია“, _ გვეუბნება მჟავანაძე.