მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 107 მილიონს უახლოვდება. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პანდემიის პერიოდში „კოვიდ-19“-ს ემსხვერპლა ორი მილიონ 300 ათასზე მეტი ადამიანი.
გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 27 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 450 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული.
მეორე ადგილზე არის ინდოეთი, სადაც ვირუსი 10 მილიონზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა. ხოლო მესამეა ბრაზილია, ცხრა მილიონ-ნახევარზე მეტი ინფიცირებულით. ბოლო 24 საათში ბრაზილიაში 51 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 1 350 პაციენტი.
კვლავაც რთული მდგომარეობაა ევროპაში. „კოვიდ-19“-ის კიდევ ორი ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს დიდ ბრიტანეთში. სპეციალისტების თქმით, ბრისტოლსა და ლივერპულში გამოვლენილი შტამებით უკვე დაინფიცირდა 76 მოქალაქე. გერმანიაში კი აცხადებენ, რომ ვირუსის მუტაციის გათვალისწინებით, კარანტინის რეჟიმი სულ მცირე პირველ მარტამდე უნდა შენარჩუნდეს.
ხვალიდან კარანტინი კვლავ ამოქმედდება საბერძნეთში. დაიხურება სკოლები და მაღაზიების ნაწილი. ესპანეთში კი, ვირუსის მესამე ტალღას ებრძვიან. ბოლო 24 საათში ვირუსს ესპანეთში 766 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პანდემიის პერიოდში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ესპანეთში სამ მილიონს გადააჭარბა.