დღეს, ქალაქ ოზურგეთში, მეოთხე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სკოლის ეზოში დაიდგა 5G ინტერნეტის ჯიხური.
ისინი ამბობენ, რომ ამ ჯიხურის დადგმის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ და სრული ინფორმაციის მიღებას ითხოვენ.
აქციას იურისტებიც და გარემოს დამცველებიც იმყოფებოდნენ.
იურისტი კახა ჩავლეშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართეს დასახმარებლად:
“რა პროექტია? დამტკიცებულია თუ არა ეს პროექტი? გარემოზე და ჯანმრთელობაზე გამოიწვევს თუ არაა რამე გავლენას ეს ჯიხური? ეს არის კითხვების ნაწილი, რომელიც ადგილობრივებს გაუჩნდა მათ უბანში, სკოლის ტერიტორიაზე ჯიხურის დადგმის შემდეგ. ისინი მიიჩნევენ, რომ მათ ჯანმრთელობას ეს ჯიხური და 5G ინტერნეტი საზიანო იქნება.
სკოლის მოსწავლეების მშობლების გარკვეული ნაწილი შიშობს, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.
ჩვენ მოვიკვლიეთ და სკოლის ეზოში დადგმული ეს შენობა საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული.
ეს ხალხი გაურკვევლობაშია, რადგან არ აქვთ სრული ინფორმაცია. მე, პირადად, ტექნოლოგიების და ინვესტიციის შემოტანის წინააღმდეგი არ ვარ _ უბრალოდ, მთავარია ის, რომ ადამიანებს ჭირდებათ ზუსტი ინფორმაცია, რა ხდება. ეს მოთხოვნა ლეგიტიმურია_ ხალხს არავინ არაფერს არ უხსნის, არც პროექტს აჩვენებენ. ეს ადამიანები იმსახურებს პროექტის გაცნობას“, _ გვითხრა კახა ჩავლეშვილმა.
კომპანია „ოუფენ ნეტი“, რომელმაც ეს ჯიხური დადგა, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ოზურგეთის lV საჯარო სკოლის ეზოში სატელეკომუნიკაციო ჯიხური საზიანოა მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის და განმარტავს, რომ „აღნიშნული ჯიხური არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მომსახურების კარადა, რომელიც დამონტაჟდა საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში“:
„ოუფენ ნეტი“ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის # 375 დადგენილების შესაბამისად, რომელიც მიზნად ისახავს მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელს და შესაბამისად, კარადას არ აქვს გამოსხივება ან რაიმე უარყოფითი ზეგავლენა გარემოსა და ჯანმრთელობაზე. მისი უსაფრთხოება დადასტურებული და აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტებისა და დარგის ექსპერტების მიერ. ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით.
პროექტირების ეტაპზე ინფრასტრუქტურის განთავსების ადგილები შეირჩა გეოგრაფიული მდებარეობისა და სამშენებლო სპეციფიკის მიხედვით.
ამასთან აღსანიშნავია, რომ „ოუფენ ნეტისა“ და კონტრაქტორი კომპანიის, შპს „პარვუს ჯგუფის“ მიერ ინფორმაცია არაერთხელ იყო მიწოდებული მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის, მათ შორის _ კარადის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. პროექტის მიმდინარეობისას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პერიოდულად იმართებოდა მოსახლეობასთან შეხვედრები.
აღნიშნული ინფორმაციები საჯაროა. ამასთან, შპს „პარვუს ჯგუფი“ ქსელის მშენებლობის პროცესში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აწვდიდა ინფორმაციას, მათ შორის, ერთ –ერთი ბოლო შეხვედრა გაიმართა 22 იანვარს, ოზურგეთის მეოთხე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საკრებულოს დეპუტატი ლელა საჯაია.
„ოუფენ ნეტი“ მზადაა ქსელის მშენებლობასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია“, _ გვითხრეს „ოუფენ ნეტში“.
ჩვენ ვესაუბრეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ლელა საჯაიას, რომლის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობასთან შეხვედრა შედგა:
“იანვარში იყო შეხვედრა და ყველა დეტალებზე ვისაუბრეთ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე“, _ გვითხრა ლელა საჯაიამ.