ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბახვის ერთ-ერთი უბნიდან შეგვატყობინეს, რომ სხვადასხვა უბნებში გარე განათება უპასუხისმგებლოდ გააკეთეს. ბოლომდე არ დაასრულეს სამუშაოები. სადენები ძირს დაყარეს, ბოძებზე ნათურები არ დაამაგრეს და ასე შემდეგ.
„გურია ნიუსი“ სოფელში, კონკრეტულ ადგილზე მივიდა. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ბახვში, ირაკლი ცქვიტინიძემ განგვიცხადა, რომ სოფელში ბოლო ორი წლის მანძილზე 25 ათასი კმ სიგრძის გარე განათების ქსელი გაკეთდა.
_ვინ დაყარა ძირს? ან დაუმთავრებელი რა არის? სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გათვალისწინებული იყო 32 ათასი ლარი, რაც ხალხმა თავად გადაწყვიტა. ბახვში იმდენი უბანია, ეს თანხა ყველას როგორ ეყოფოდა. გარე განათება ჯერ გავაკეთეთ იმ უბნებში, სადაც მჭიდრო დასახლებაა. სადენები რაც მოგვრჩა, გავჭიმეთ იმ უბნებში, სადაც არ იყო გარეგანათება. ასეთი უბანი ჯერ კიდევ ბევრია. ბახვი დიდი სოფელია. თუმცა ფარები ნათურების დასამონტაჟებლად არ გვქონდა. თანხა არ გვეყო. წელს გაგრძელდება სოფლის მხარდამჭერი პროგრამა და გაკეთდება. გარდამავალი პროექტის შესახებ არაფერი სმენიათ? _გვითხრა ირაკლი ცქვიტინიძემ.
_წყალი კეთდება, მასშტაბური პროექტია. ამ წუთშიც მუშაობენ , წყალგაყვანილობის მილების შესაერთბლად მობილიზებულია ტრაქტორები, რომლებიც სპეციალურ არხებს ჭრიან. გაზი შემოიყვანეს, ინტერნეტიც დასრულდა, რისთვისაც მართლაც ნამდვილად კმაყოფილი და მადლიერი ვართ. ბახვში ბევრი პრობლემაა, მაგრამ საქმეც ბევრი კეთდება. ამდენი პროექტი სოფელში ადრე არასდროს გახორციელებულა. კი, არის გაჭირვება, უმუშევრობა ყველაზე ძალიან წყვეტს ხალხს წელში, მაგრამ ამას ჯერ არაფერი ეშველა და ვართ ისევ იმედით, – გვითხრეს ბახვის მცხოვრებლებმა: ნუგზარ ჩიტაიშვილმა, მერაბ ჯიშკარიანმა, დათო მელაძემ და სხვებმა.
„გურია ნიუსი“ ადგილზე გაეცნო სხვადასხვა პრობლემებს, მიმდინარე წყალგაყვანილობის სამუშაოებს, რის შესახებაც მალე ვრცლად გიამბობთ.