დღეს გურიაში ახალდანიშნული გუბერნატორის გიორგი სახოკიას წარდგენა მედიის გარეშე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოახერხა.
გურიის გუბერნატორმა ჟურნალისტების და კონკრეტულად “გურია ნიუსის“ კითხვებს მაშინ უპასუხა, რაც პრემიერ-მინისტრმა დატოვა ოზურგეთში.
_ ბატონო გიორგი, რა საკითხებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე?
_ პრემიერ-მინისტრმა დღეს წარადგინა ახალი გუბერნატორი, კონკრეტულ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი არის, ზოგადად, იმ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონის წინაშე დგას. განსაკუთრებით პანდემიის და პოსტპანდემიის პერიოდში. როგორც პანდემიის მართვის პროცესში, ასევე, იმ ეკონომიკური კრიზისიდან სწორად და ეფექტურად გამოსვლის კუთხით.
_ გურიას რამდენად კარგად იცნობთ და რა გეგმები გაქვთ?
_ გურიას ძალიან კარგად ვიცნობ. გურია არის ჩემი დედულეთი, სოფელ ხიდისთავიდან ვაპირებ ვიარო სამსახურში და ვიმუშაო.
რა შეეხება გეგმებს, ზოგადი მონახაზების გარდა, კონკრეტული გეგმებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. აქტიურად ვაპირებ მუშაობას და დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი.
_ ხომ, არ აპირებთ გურიის გუბერნიაში საკადრო ცვლილებებს?
_ წინასწარ ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან ჯერ თანამშრომლებს არ გავცნობილვარ, _ აღნიშნა საუბრის დროს გიორგი სახოკიამ.
გურიის გუბერნატორის თქმით, ის მედიასთან აქტიურ ურთიერთობას აპირებს.